ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

განხეთქილების პირველი ნიშნები ფაშინიანის მთავრობაში

2 ოქტომბერი, 2019 •
განხეთქილების პირველი ნიშნები ფაშინიანის მთავრობაში

ავტორი: ნორიკ გასპარიანი


ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაში განხეთქილების პირველი ნიშნები გამოიკვეთა. იმის მიუხედავად, რომ ამ დრომდე ფაშინიანის მთავრობის რამდენიმე მინისტრი უკვე შეიცვალა, ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელისა და პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვება აშკარა დაპირისპირების ფონზე მოხდა. 

ამავე დროს, ოფიციალურად არ გახმიანებულა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ გაათავისუფლეს ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები. სამოქალაქო საზოგადოებაში სწორედ ეს გარემოება იწვევს ეწვის საფუძველს. 

ამასობაში, სომხეთს უკვე ორ კვირაზე მეტია არ ჰყავს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.

16 სექტემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოულოდნელად დაითხოვა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსი – არტურ ვანეციანი, რომელიც ამ თანამდებობას თითქმის წელიწადნახევრის განმავლობაში იკავებდა. მის  დათხოვნამდე რამდენიმე დღით ადრე მედიაში უკვე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვანეციანსა და ფაშინიანს შორს ინციდენტს ჰქონდა ადგილი, რის გამოც პრემიერი უსაფრთხოების მეთაურის გადადგომას მოითხოვდა.

16 სექტემბერს გამართული პრესკონფერენციის დროს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გადადგომის შესახებ თავად მიმართა, რაც მან დააკმაყოფილა. სანამ პრესკონფერენცია მიმდინარეობდა,  სომხეთის პრეზიდენტს, არმენ სარგსიანს ხელი უკვე მოწერილი ჰქონდა ვანეციანის გათავისუფლების ბრძანებაზე. 

პრემიერს ვანეციანის გათავისუფლების შესახებ დამატებითი სიცხადე არ შეუტანია. “ეს არ არის ისეთი თანამდებობა, რომელიც შეიძლება საჯარო განხილვის საგანი იყოს”, – ამოწურა სათქმელი ფაშინიანმა.

პრესკონფერენციიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ვანეციანის გადადგომის ოფიციალური ტექსტი:

 “სახელმწიფო აღმშენებლობას აქვს თავისი ლოგიკა. გადაწყვეტილებების სპონტანურობა, ქმედებების სისწრაფე, პირველადის მეორადისგან და გარდამავლის გარდაუვალისგან არგამიჯვნა არ არის ის გზა, რომელიც საბოლოო მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. ამ გზას საერთო არაფერი აქვს ოფიცრის ღირსებასთან. ოფიცრის დამსახურებული ჩინი და მსგავსი ქმედებები ერთმანეთთან შეუთავსებელია… დაე, ჩემი გადადგომა იყოს ის სევდიანი ნაბიჯი, რომლითაც ვამბობ „სდექ“. ნებისმიერ შემთხვევაში გაიმარჯვებს სამშობლოსთვის სამსახური”,- ნათქვამია განცხადებაში.

ეუს ხელმძღვანელის გათავისუფლებამ პოლიტიკურ ელიტაში ორგვარი აზრი წარმოშვა. სომხეთის ყოფილი ხელისუფლების მხარდამჭერები მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას.  მათ შორისაა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერიც არმენ აშოტიანი, რომლის თქმითაც, ვანეციანის გადადგომა დაკავშირებულია მოქმედი ხელისუფლების “შემაშფოთებელ საქმიანობასთან”. 

მეორე მხრივ, ზოგიერთი სხვა ოპოზიციონერი ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი ირწმუნება, რომ ვანეციანი მიზანმიმართულად ცდილობს პოლიტიკურ სივრცეში შესვლას.

“ჩემი პოლიტიკური ინტუიცია მეუბნება, რომ ვანეციანი ამ განცხადებით რეალურად იწყებს თავის პოლიტიკურ კარიერას და შეეცდება უკვე პოლიტიკურ ველში გააგრძელოს თავისი საქმიანობა”,- აცხადებს ოპოზიციური პარტია “განათებული სომხეთის” ლიდერი ედმონ მარუქიანი. 

თავად ვანეციანი არც უარყოფს და არც ადასტურებს მისი მხრიდან შესაძლო პოლიტიკური საქმიანობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ამავე დროს, მან არაერთხელ განაცხადა, რომ “ყოფილებთან” (იგულისხმება სერჟ სარგსიანის და რობერტ ქოჩარიანის ხელისუფლებები) არანაირი კავშირი არ გააჩნია. 

ვინ არის არტურ ვანეციანი? არტურ ვანეციანი 2018 წელს, მომხდარ “ხავერდოვან რევოლუციამდე”, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ერევნის საქალაქო სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. 

პირველად ფართო საზოგადოების წინაშე 2016 წელს გამოჩნდა, როდესაც შეიარაღებულმა ჯგუფმა სერჟ სარგსიანის გადადგომის მოთხოვნით ქალაქის პოლიციის ერთ-ერთი შენობა “აიღო”. 2016 წლის 23 ივლისს სწორედ ის მიუძღოდა ჟურნალისტებს პოლიციის შენობისკენ. 

მეორედ კამერების წინ 31 ივლისს გამოჩნდა. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული შეიარაღებული ჯგუფის დაკავების პროცესი. 

2018 წლის 10 მაისს, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნიდან ორ დღეში, ფაშინიანმა ვანეციანი ეუს-ის დირექტორად დანიშნა. თანამდებობის დაკავების შემდეგ ვანეციანმა დაიწყო მედიასაშუალებებთან ღია კომუნიკაცია. ეუს-ის დირექტორისთვის ეს იყო ნამდვილი სიახლე. სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების წინა ხელმძღვანელებს მედიასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. მეტიც, ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი გორიკ ჰაკობიანი ჟურნალისტებთან ცუდი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა. 

ვანეციანმა დანიშვნისთანავე დაიწყო წინა ხელისუფლების გარკვეულ წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეების წარმოება. მათ შორის იყვნენ სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გენერალი მანველ გრიგორიანი, ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ძმა – ალექსანდრე სარგსიანი, დეპუტატი მიჰრან პოღოსიანი და ა.შ. 

დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2019 წლის 5 ივლისს, სომხეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით პოლკოვნიკ ვანეციანს გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. 

ყოფილი ხელისუფლების გარკვეული წევრების, ოლიგარქებისა და კრიმინალების მიმართ საქმეთა წარმოების გამო, ვანეციანის რეიტინგი საკმაოდ გაიზარდა. მსგავსი ხასიათის გახმაურებულ საქმეებზე ვანეციანი პირადად აძლევდა ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებს. 

2018 წლის სექტემბერში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვანეციანის და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, სასუნ ხაჩატურიანის და ნიკოლ ფაშინიანის სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები, სადაც საუბარი იყო “ოდკბ”-ს ხელმძღვანელის- იური ხაჩატუროვის დაკავებაზე და ამ თემასთან დაკავშირებით მოსამართლეების მიმართ შესაძლო ზეწოლაზე.

ამას თან ერთვოდა კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ეხებოდა  სახელმწიფო კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელისთვის – დავით სანასარიანისთვის ეუს-ს მხრიდან ბრალის წაყენებას. მას ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებოდა. ვანეციანი ამკტიცებდა, რომ ბრალი საფუძვლიანი იყო, სანასარიანი კი ბრალდებას  სასტიკად უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ აღნიშნული საქმე თავიდან ბოლომდე სიცრუეს ეფუძნებოდა. 

ნიშანდობლივია, რომ ამ დრომდე ამ საქმეზე სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს ბრძოლად “ძველსა” და “ახალს” შორის. დავით სანასარიანი არ იყო მოქმედი სისტემის წარმომადგენელი. იგი პარტიისა და რევოლუციის ლიდერი მრავალწლიანი პოლიტიკური ბრძოლით გახდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ისიც, რომ სახელმწიფო კონტროლის სამსახური ერთადერთი ორგანოა სომხეთში, რომელსაც უფლება აქვს აუდიტი ჩაატაროს ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში, მათ შორის- ეროვნული უსაფრთხოების სამსახურშიც. 

ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ვანეციანი ასევე არის სომხეთის პარლამენტის ვიცესპიკერის, ალენ სიმონიანის ახლო მეგობარი. ამის შესახებ არაერთი სტატია დაწერილა ჯერ კიდევ 2018 წლიდან, როდესაც ვანეციანი გახდა ეუს-ის ხელმძღვანელი. გადადგომის და ვანეციანის ბოლო განცხადებების შემდეგ, ალენ სიმონიანმა თქვა, რომ მიუხედავად მისი ვანეციანთან მეგობრობისა, მისთვის მიუღებელია მისი განცხადებები. “ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი ჩემი პოლიტიკური გუნდია”, –  განაცხადა სიმონიანმა.

შეერთებულ შტატებში ბოლოდროინდელი ვიზიტის დროს ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ვანეციანის განცხადება ნიშნავს მისი მხრიდან  სამხედრო სამხრეების ნაგვის ურნაში მოსროლას.

“მიუხედავად იმისა, რომ ის ეუს-ის დე იურე ხელმძღვანელია, საკუთარი მთავარსარდლის წინააღმდეგ აკეთებს განცხადებას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მან სამხრეები ნაგვის ურნაში გადაყარა. ბოლოს ასეთი რამ 1991 წელს პუტჩისტემა ჩაიდინეს”,- დასძინა ფაშინიანმა.

საპასუხოდ, ვანეციანმა განაცხადა, რომ ფაშინიანი არ ფიქრობს საკუთარი სიტყვების შესაძლო შედეგებზე.

აქვე გრძელდება ვანეციანის შესაძლო პოლიტიკური მოტივაციების საკითხი. 

ეუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებული განცხადებები პოლიტიკოსების ნაწილის მხრიდან ფასდება როგორც “სხვის მიერ დაწერილი ტექსტი”. 

დამოუკიდებელი დეპუტატი არმან ბაბაჯანიანი დარწმუნებულია, რომ პირველი და მეორე განცხადებების ავტორი არ არის თვითონ ვანეციანი. 

“მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ ვანეციანი ვერ დაწერს პოლიტიკურ ტექსტს ასეთი ფორმულირებებით”,- ამბობს ბაბაჯანიანი. 

ის ასევე ვარაუდობს, რომ ვანეციანის გადადგომით ქვეყანაში გადატრიალება აღიკვეთა. თავის ამ განცხადებას ბაბაჯანიანი ამყარებს იმ ფაქტითაც, რომ გადადგომის შემდეგ ვანეციანი მოსკოვში გაემგზავრა, ამის შემდგომ კი ჟურნალისტებმა სერჟ სარგსიანის ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ ფიგურასთან – არა საღათელიანთან დააფიქსირეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი