ახალი ამბები

კუპრავა ზაქარეიშვილის ეპიზოდზე 1000 ლარით დაჯარიმდა

2 ოქტომბერი, 2019 •
კუპრავა ზაქარეიშვილის ეპიზოდზე 1000 ლარით დაჯარიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის” წევრი ზვიად კუპრავა ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის ეპიზოდზე სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. როგორც კუპრავას ცოლმა ჟურნალისტებს უთხრა, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მოტივებით ხსნის:

“ზვიად კუპრავა უკვე შვიდი თვეა პოლიტპატიმარია. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიეღო სასამართლოს, იმ ფაქტს გვერდს ვერ აუვლიან, რომ 7 თვეა კუპრავა უკანონოდ უზით ციხეში, რათა პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორონ.”

პროკურატურამ კუპრავას  20 თებერვალს წარუდგინა ბრალი. ბრალის წარდგენის შესახებ დადგენილებაში, რომელიც კუპრავამ გაავრცელა, წერია: “ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ზვიად კუპრავამ ირაკლი ზაქარეიშვილს ხერხემლის ქვედა  ნაწილში ამოარტყა ფეხი, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი”.

ამის გამო გამოძიებამ კუპრავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

ეს მუხლი ძალადობას გულისხმობს [ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი] და ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი