მარგველაშვილის განცხადებით, დღეს ქართული სასამართლოს და მართლმსაჯულების წინაშე ისტორიული პერიოდია, რომელსაც აქვს როგორც თავისი გამოწვევები, ასევე დიდი შესაძლებლობებიც:
“პირველ რიგში, და ეს იქნა ხაზგასმული არაერთხელ, დღეს ჩვენ გვყავს ქვეყანაში პოლიტიკური ელიტა, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სახით, რომელიც ნათლად, მტკიცედ და ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ამ ჩვეულებრივი ჭეშმარიტების გამეორება და ხაზგასმა ძალიან მნიშვნელოვანია და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. სასამართლოს დეპოლიტიზაცია არის ქართული სახელმწიფოს მდგრადობის წინაპირობა,” – განაცხადა მარგევაშვილმა.
მარგველაშვილის განცადებით, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ სასამართლო მის ინტერესებს დაიცავს:
“მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს იმედი და იმის განცდა, რომ სასამართლოში იქნება მისი უფლებები დაცული, მაშინ პოლიტიკოსთა შეცდომებიც, პოლიტიკოსთა გადაცდომებიც, პარტიული ინტერესებიც, ყველაფერი რჩება მიღმა და ყველას აქვს იმის განცდა, რომ ჩვენი სახელმწიფო ემსახურება მთავარს: ემსახურება თითოეული ადამიანის ინტერესებს,”– თქვა მან.
პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს სამართლიანი სასამართლოს დასაფუძნებლად:
“სასამართლო, რომელიც არ არის ვალდებული ძალიან ბევრი რამის გასასწორებლად, რაც ჩვენი, პოლიტიკოსების ინტერესებშია. ლარის კურსის დაჭერა ჩვენი საქმეა, საქართველოს იმიჯის განმტკიცება ჩვენი საქმეა, ყოველდღიური დასაქმების პრობლემები ჩვენი საქმეა, კრიმინალთან ბრძოლა ჩვენი საქმეა, სასამართლო დგას ყველაფერზე ამაზე მაღლა იმიტომ, რომ სასამართლოში ერთადერთი ინტერესი, რომელიც არის წარმოდგენილი, ეს არის კანონი და სამართალი,”– თქვა მან.
მარგველაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის არჩევის პროცესი საზოგადოებისთვის ღია და გახსნილი იყო:
“ჩვენ ეს პროცესი თავიდანვე საზოგადოების ხელში გადავიტანეთ და გადავაბარეთ საზოგადოებას. გადავაბარეთ პროფესიულ წრეებს, გადავაბარეთ იმ ადამიანებს, ვინც არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის მესვეური და მეამაგე. ძალიან ბევრმა ადამაინმა მიიღო მონაწილეობა და ეს იყო გაკეთებული მიზანმიმართულად, იმისთვის, რომ ჩვენ აგვემაღლებინა და გაგვეღრმავებინა სასამართლოს ავტორიტეტი, განგვემტკიცებინა ის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი, რომელსაც ემსახურებით თქვენ, პროფესიულად და რომელსაც ჩვენ, პოლიტიკოსები ყველაზე დიდ პატივს უნდა ვცემდეთ,”– განაცხადა მან.
უზენაეს სასამართლოში ახალი თავმჯდომარის წარდგენას უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილიც დაესწრო. მარგველაშვილის თქმით, კუბლაშვილის დასწრება ინსტიტუტების პატივისცემაზე მიუთითებს:
“მე მინდა ხაზი გავისვა იმას, რომ ბატონი კოტეც დღეს ჩვენთან ერთად არის და ამით ნათლად ვაჩვენებთ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ინსტიტუტებს, ვაგრძელებთ ინსტიტუციურ მემკვიდრეობას და საქართველოში რაც მოხდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს, როდესაც მოხდა მშვიდობიანი, კონსტიტუციური ცვლა პოლიტიკური ხელმძღვანელობის, ეს არ იწვევს რყევებს,”– განაცხადა პრეზიდენტმა.
ნინო გვენეტაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე პრეზიდენტმა წარადგინა, პარლამენტმა თანამდებობაზე 20 მარტს 88 ხმით აირჩია.