ახალი ამბები

ნადირაშვილი: პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად დიმიტრი გაბუნიას ბიზნეს-პარტნიორი წარადგინა

1 ოქტომბერი, 2019 • 1121
ნადირაშვილი: პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს წევრად დიმიტრი გაბუნიას ბიზნეს-პარტნიორი წარადგინა

“ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკს საბჭოს წევრად პარლამენტს განსახილველად წარუდგინა მისი საპარლამენტო მდივნის, გიორგი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ ფირმაში, გიორგი მიროტაძე.

თუმცა, როგორც ოფიციალური დოკუმენტაციით ირკვევა, მოგვიანებით, 25 სექტემბერს, მიროტაძემ თავად მიმართა პრეზიდენტს და სთხოვა ამ პოსტზე მისი კანდიდატურა აღარ განიხილონ. მიროტაძის განცხადება რამდენიმე დღით უძღოდა წინ შეწყალების საქმეზე მისი და დიმიტრი გაბუნიას სხვა პარტნიორების გამოკითხვას პროკურატურაში.

ნადირაშვილი პოლიტიკურ ნეპოტიზმად აფასებს გაბუნიას პარტნიორის ამ პოსტზე წარდგენას და ამბობს, რომ ეს ფაქტი წარმოაჩენს, თუ რამხელა გავლენა აქვს დიმიტრი გაბუნიას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. აქედან გამომდინარე, ნადირაშვილი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას:

“გიორგი მიროტაძე არის კანდიდატურა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა წარადგინა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად [კანდიდატად]. ეს ადამიანი საყურადღებოა ჩვენთვის იმით, რომ ცოტა ხნის წინ ის გამოკითხვაზე იმყოფებოდა პროკურატურაში შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმის გამო, რომ ის არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ბატონი გაბუნიას პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში. შესაბამისად, ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ გაბუნიას გავლენებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. როგორც ირკვევა, ის არის ძალიან გავლენიანი ადამიანი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაპირ პოლიტიკურ ნეპოტიზმთან.

შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე და მას შეუძლია საკუთარი კანდიდატურები შესთავაზოს პრეზიდენტს, თავს მოახვიოს და შემდეგ შემოგვთავაზონ პარლამენტში. იმის გამო, რომ გაბუნია დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით, მივმართავთ პროკურატურას, კარგად გამოიძიოს ამ ადამიანის გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და დაკავებულია თუ არა ის შეწყალების საქმეში რაიმე როლის შესრულებით”, – ამბობს ნადირაშვილი.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას და სთხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ და რა ნიშნით შეირჩა გიორგი მიროტაძის კანდიდატურა და რა გახდა ამ გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი. ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მიროტაძე მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე წარადგინა და გიორგი მიროტაძემ თავად თქვა უარი მისი კანდიდატურის განხილვაზე.


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის 28 აგვისტოსთვის არაერთი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, მკვლელობისთვის გასამართლებული პირები, ამას მოჰყვა საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან. პროკურატურამ კი ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია, ასევე  მისი პარტნიორები იურიდიულ კომპანიაში.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალებაზე დროებით მორატორიუმს აწესებს, “სანამ არ შემუშავდება ახალი წესები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი