ახალი ამბები

ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

1 ოქტომბერი, 2019 •
ყოფილი ცოლისა და სიდედრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო.

როგორც უწყება აცხადებს, გ.ს-ს უთანხმოება ჰქონდა ყოფილ მეუღლესთან მ.ც-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით.

საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა, საღამოს საათებში კი მ.ც-სთან და ვ.ე-სთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც მ.ც-ს  და ვ.ე~.-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა. რამდენიმე ხანში ბრალდებულის სიდედრ ვ.ე.-ს გაეღვიძა, მან გაზის სუნი იგრძნო, რის შემდეგაც დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი