ახალი ამბები

სააკაშვილი ბერას ახალ სიმღერაზე: ბერა ამჯერად საქართველოს ეკლესიას დაესხა თავს

9 მაისი, 2018 • 11276
სააკაშვილი ბერას ახალ სიმღერაზე: ბერა ამჯერად საქართველოს ეკლესიას დაესხა თავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბერა ივანიშვილის ახალ სიმღერას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ბერა აღნიშნული სიმღერით თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას. ეს განცხადება სააკაშვილმა ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

როგორც სააკაშვილი განმარტავს, როგორც ბერა, ასევე ბიძინა ივანიშვილი, ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი.

“ივანიშვილთან რამდენიმე შეხვედრა იმით დამამახსოვრდა, რომ ძალიან აგრესიულობდა ეკლესიაზე და პატრიარქზე. ახლა მისი მთავარი სპიკერი რეპით გამოთქვამს ამ ყველაფერს. ივანიშვილის მთავარი მიზანი საქართველოს უკლებლივ ყველა ინსტიტუტის დაკნინება და მიწასთან გასწორებაა. მის სამიზნეთა სიაში ეკლესია ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ახლა, პრინციპში, ამას უკვე ღიად ამბობენ,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გარდა ამისა, ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი ე.წ. კლუბური ნარკოტიკის გავრცელების მთავარი ხელშემწყობია, ხოლო თავად ბიძინა ივანიშვილს შემოდგომის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება სურს.

ბერა ივანიშვილის და ზაზა ნოზაძის ერთობლივი სიმღერა 8 მაისს იუთუბზე გამოქვეყნდა. სიმღერაში ბერა ივანიშვილი არაერთგზის აკრიტიკებს ნაციონალური მოძრაობის მმართველობას, ხოლო მის ერთ-ერთ ნაწილში ისმის:

“მე არ ვიცი, რას იკადრებს კაცი კაბით, ვინც შენს საიდუმლოს იბარებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი