ახალი ამბები

ნესტან ნენე კვინიკაძე: ყველას გვგონია, რომ მოწყვლად ჯგუფში არასდროს აღმოვჩნდებით

30 სექტემბერი, 2019 •
ნესტან ნენე კვინიკაძე: ყველას გვგონია, რომ მოწყვლად ჯგუფში არასდროს აღმოვჩნდებით

ნესტან ნენე კვინიკაძე – მწერალი, კინოსცენარისტი

ვმუშაობდი დიტო ცინცაძის კინოპროექტზე ,,ჩაისუნთქე – ამოისუნთქე“ და მომიწია ყოფილი პატიმრების საკითხის კვლევა. ერთ-ერთი ყოფილი პატიმარი სასჯელს შენგენის გაყალბებული ვიზების გამო იხდიდა. დრო შეიცვალა, ვიზა ევროპაში აღარ გვჭირდება და ამგვარი დანაშაულის ჩადენა უკვე შეუძლებელია.

იყო მეორე ქალიც, ყოფილი პატიმარი, რომელიც ნარკორეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს.  მასთან ურთიერთობა ჩემთვის საკუთარი თავის ერთგვარი ტესტი იყო, ვფიქრობდი: შევძლებდი და დავასაქმებდი მას საკუთარ სახლში? დამხმარე ქალად, ძიძად… შემოვუშვებდი კი ჩემს საკუთარ სივრცეში? გვეადვილება აქციებზე დგომა, სხვების უფლებების სიტყვებით დაცვა, რაც ასევე დიდი საქმეა, ცხადია, მაგრამ საქმით ჩნდება ჩვენი ნამდვილი დამოკიდებულებები – რას მოვიმოქმედებთ კონკრეტულ სიტუაციაში.

მართალია, ეს ხუთი წლის წინ ხდებოდა, მაგრამ სახელმწიფოს ჰქონდა ყოფილი პატიმრებისადმი ასეთი მიდგომა: როცა ყოფილი პატიმარი, ქალი მიდიოდა სარეაბილიტაციო ცენტრში ჯანმრთელობის კონკრეტული მწვავე პრობლემით, მას სთავაზობდნენ რაგბისა და ფეხბურთის ბილეთებს უფასოდ და საცირკო წარმოდგენაზე დასწრებას…

ჩვენი ფილმის რეალური გმირი ყოფილი პატიმრის სტატუსს ახსენებდა თუ არა, მის მიმართ მაშინვე, ყველგან იცვლიდნენ დამოკიდებულებას.

დასაქმებისას, ცხადია, აქვს მნიშვნელობა ყოფილ პატიმართა დიფერენცირებას, არ შეიძლება შენგენის ვიზების გაყალბებაში დადანაშაულებული ყოფილი პატიმარი ისეთივე პირობებში ჩავაყენოთ, რაშიც გაუპატიურებისთვის სასჯელმოხდილი.

დიტო ცინცაძის ფილმი, რომელზეც ვმუშაობდი, ყოფილ პატიმარზეა, ქალზე, რომელსაც საკუთარი სივრცე აღარსად აქვს, არც საზოგადოებაში და არც სახლში, სადაც ოთახში საწოლიც კი, რომელზეც ეძინა, არ ხვდება თავის ადგილას.

ბავშვობაში ჩემთვის ორი ყველაზე შორეული ადგილი არსებობდა, რის შესახებაც არაფერი ვიცოდი, ეს იყო ციხე და ფსიქიატრიული საავადმყოფო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ოდესმე მეგობრისთვის ციხეში წიგნებს გავგზავნიდი, ვერც იმას, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უახლოეს ადამიანს მივაკითხავდი, ცხოვრებისგან ეს გამოცდილებაც მივიღე.

ყველას გვგონია, რომ მოწყვლად ჯგუფში არასდროს აღმოვჩნდებით, მაგრამ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და აღმოვჩნდეთ იქ, სადაც თავს ვერასდროს წარმოვიდგენდით.  ნებისმიერ დროს რომელიმე ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს პატიმრობაში გაუთვალისწინებელი გარემოებების, თუნდაც აქციაზე დგომის გამო, როგორც ბოლოდროინდელი მოვლენების დროს მოხდა. თანაგრძნობის უნარი თუ არა, ამიტომ მაინც უნდა ვიფიქროთ ყოფილი პატიმრების რეაბილიტაციაზე.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

მასალების გადაბეჭდვის წესი