“შერჩევითი სამართალი სირცხვილია” – ამ სახელწოდებით ხვალ, 28 სექტემბერს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია გაიმართება.
აქტივისტები 20 ივნისის დარბევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრზმელისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გირაოში შეცვლას გააპროტესტებენ, მაშინ როცა აქციის 2 დაკავებული მონაწილე, ლევან ჯიქური და ბესიკ თამლიანი, მათი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, პატიმრობაში რჩებიან:
“სპეცრაზმელი დარბაზიდან გაათავისუფლეს. სასამართლომ ბრალდებულს 10 000- ლარიანი გირაო დააკისრა. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა, მიზეზად კი ლევან იმერლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. პარალელურად, ციხეში რჩებიან 20 ივნისის გავრილოვის პატიმრები. ადამიანები, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ელოდებიან საბოლოო განაჩენს.
ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, თუმცა მოსამართლემ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაითვალისწინა ახალ გარემოებად და ისინი კვლავ რჩებიან პატიმრობაში. ლევან ჯიქური ვერ გადაადგილდება ეტლის გარეშე და პარალიზებული აქვს სხეულის ნახევარი” ,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.