მოქალაქე ლ.ჯ-ს, რომელიც 20 ივნისის საქმეზეა დაკავებული და ამბობს, რომ ციხეში მის ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი არ შეუცვალა.
ბრალდებულის ადვოკატმა სასამართლოს წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 5000-ლარიანი გირაოს შეფარდება შესთავაზა. მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებებია საჭირო, მათ შორის, ახალი სამედიცინო ცნობა.
მოსამართლის ამ განცხადებამდე ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა განაცხადეს, რომ ლ.ჯ-ს ჯანმრთელობა დღითიდღე უკიდურესად მძიმდება, ციხეში კი მას საკადრის ყურადღებას არ აქცევენ სამედიცინო თვალსაზრისით.
ამასთანავე, ბრალდებულის თქმით, ის ოჯახში ერთადერთი შემომტანია:
“საბოლოოდ შეიძლება იმ დონემდე მივიდე, რომ ვეღარ ავდგე. თქვენ გადაწყვიტეთ, გამქცევი მე არ ვარ, 7 წლის შვილი მყავს”, – თქვა ბრალდებულმა პროცესზე.
პროცესის დროს სიტყვით გამოსვლას ითხოვდა მისი მეუღლეც. მას მოსამართლემ სიტყვა არ მისცა, თუმცა ქალმა ხმამაღლა მაინც განაცხადა: “ის მაინც გაითვალისწინეთ, რომ დღეს შვილი მყავს მშიერი”.
დაცვის მხარე თანახმაა შინაპატიმრობაზეც. ბრალდების მხარე წინასწარი პატიმრობის შეცვლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს პროცესს დააზარალებს. პროკურორის თქმით, ბრალდებულის მონაწილეობით გარკვეული ექსპერტიზების ჩატარება ესაჭიროებათ.
დღეს, 23 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლო კიდევ 5 პირის საქმე განიხილავს. გამოძიება მათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება/მონაწილეობას ედავება.