ახალი ამბები

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზემელს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

27 სექტემბერი, 2019 • 855
20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ სპეცრაზემელს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს

20 ივნისის დარბევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სპეცრაზმელი 10 000 ლარის ოდენობის გირაოს საფუძველზე დარბაზიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია ამის შესახებ  თავდაპირველად”პირველმა არხმა” გაავრცელა.

პატიმრობის გირაოთი შეცვლა დაცვის მხარემ მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ამის მიზეზად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებდა.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება “ნეტგაზეთმა” პროკურატურაში სცადა. უწყების პრესსამსახურში ინფორმაციის გადამოწმებაზე უარი გვითხრეს.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, “ნეტგაზეთს” პროკურატურიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და ბრალდებულ სპეცრაზმელს 10 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

პატიმრობის გირაოთი შეცვლას 23 სექტემბერს გამართულ სხდომაზე ითხოვდა 20 ივნისის აქციის ერთ-ერთი დაკავებული მონაწილის, ლევან ჯიქურის ადვოკატიც, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ჯიქურის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, ჯიქურმა წონაში 40 კგ დაიკლო, შაქარი დავარდნილი აქვს, უჩივის დაბალ წნევებს, პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს მარცხენა ხელი და ფეხი აქვს პარალიზებული და მხოლოდ ეტლით შეუძლია გადაადგილება, ისიც ექიმების დახმარებით.

ჯიქურის საქმეზე მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილებისთვის დამატებითი ფაქტობრივი გარემოებებია საჭირო, მათ შორის, ახალი სამედიცინო ცნობა.

“ავად ვარ და ოჯახში ერთადერთი შემომტანი ვარ” – 20 ივნისის საქმეზე მსჯავრდებული გირაოს შეფარდებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი