საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ჟენევის დისკუსიების ფორმატის გააქტიურება იყო.
საგარეო ურთიერთობების ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუკი ეს შეხვედრა სტიმულს მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემის მოსაგვარებლად, ის შეიძლება წარმატებულად ჩაითვალოს.
“მოჰყვება თუ არა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას შედეგი? – ჟენევის პროცესთან დაკავშირებით შესაძლებელია რაღაც დინამიკა დავინახოთ, ხოლო რამე გარღვევაზე და პროცესების პოზიტიური მიმართულებით განვითარებაზე საუბარი, ალბათ, ნაადრევია. იმიტომ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პრობლემა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის თემა როდია. პრობლემა არის ოკუპაცია და ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. შეუძლებელია, ამ საკითხს ერთი შეხვედრით წერტილი დაესვას. თუკი ეს შეხვედრა მინიმალურად მაინც სტიმულს მისცემს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ დამოკიდებულებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ეს უდავოდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მენაღარიშვილმა.
მენაღარიშვილის თქმით, საჭიროა, ჟენევის დისკუსიებმა მიიღოს რეალური პრობლემების გადაჭრაზე რეალური საუბრის სახე და არ მოხდეს მხოლოდ პოზიციების დაფიქსირება.
“მოდით, თავი შევიკავოთ ტერმინისგან მოლოდინი, იმიტომ, რომ თვითონ ჟენევის შეხვედრების წარმართვის გზა რუსეთის მცდელობით იმგვარად ჩამოყალიბდა, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე შედეგის მიღებას. საჭიროა, მოლაპარაკებათა პროცესის გამოყვანა ამ ჩიხიდან. ქართული მხარე ამ შეხვედრებს სულ სხვა სახით აღიქვამს და რუსეთი სულ სხვა მოვლენად ასაღებს. საჭიროა, ეს წინააღმდეგობა როგორმე დაიძლიოს. ამიტომ იქ მხოლოდ დონის აწევა პრაქტიკულად არაფერს ნიშნავს. საუბარია, რომ რუსეთმა, ბოლოს და ბოლოს, მიიღოს ეს მოლაპარაკება ისე, რისთვისაც ის დაიგეგმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. თუკი მოხერხდება ამ მიმართულებით თუნდაც პროცესის დაძვრა, უნდა ჩაითვალოს, რომ შეხვედრას ნიუ-იორკში აზრი ჰქონდა”, – განაცხადა მან.
ექნება თუ არა გაგრძელება საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ შეხვედრას, მენაღარიშვილის აზრით, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობები ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ შეხვედრის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ პოსტ-ფაქტუმ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგო, მენაღარიშვილი ამბობს, რომ შეხვედრის მზადების გამჭვირვალობის მოთხოვნა “ყოველთვის არ არის კორექტული”.
“ხშირად ამგვარი შეხვედრების წინასწარ გამოცხადება ბოლოს მთავრდება იმით, რომ შეხვედრება იშლება ხოლმე. ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც შეხვედრა მზადდება ჯერ დახურულ ფორმატში და შედეგები, რა თქმა უნდა, ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის და ყველა იმ სტრუქტურისთვის, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს წარმართავს”, – დასძინა ირაკლი მენაღარიშვილმა.
კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით არსებული ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოებისა და ცვლილებების განხორციელების საჭიროებაზე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა ჟენევის დისკუსიებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე სხვა დროსაც არაერთხელ ისაუბრა.
ოფიციალური თბილისის ცნობით, შვეიცარია, რომლიც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორ მხარეს წარმოადგენს, გამოვიდა ინიციატივით, საქართველომ გამოიყენოს გაერო-ს გენერალური ასაბლეის პლატფორმა იმისთვის, რათა რუსეთის ფედერაციასთან იმსჯელოს მიმდინარე პროცესებზე. შედეგად, 26 სექტემბერს ნიუ იორკში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოსა და რუსეთის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელების პირველი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები რეგიონული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით”.
ამავე თემაზე:
ზალკალიანი: ლავროვთან მომავალ გეგმებზე ან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა