საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა, რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება და ფორმატების ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა.
„ეს შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, ვთანხმდებით იმაზე, რომ რომ ფორმატები გრძლდება და ეს აღინიშნა. იცით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების კუთხით რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის გარკვეული ცვლილებები წარმომადგენელთან დაკავშირებით და მე მივიღე რწმუნება, რომ ეს ფორმატები (ჟენევა და ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი) იმ ჩარჩოებში და იმ მექანიზმებში, როგორც აქამდე არსებობდა, გაგრძელდება“ ,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი და ეს შეხვედრა გვაჩვენებს, იქნება თუ არა კონსტრუქციული მიდგომები.
„ჟენევის უახლოესი შეხვედრა ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ისე, როგორც იყო აქამდე, გვაქვს რწმუნება, რომ რუსეთის მხრიდანაც იგივე დონე იქნება შენარჩუნებული. ეს პირველი შეხვედრაც გამოაჩენს, რომ თუკი მათი მხრიდან ჩვენ დავინახეთ იმ თემატიკაზე, რაზეც არის ჟენევა დაფუძნებული, შემხვედრი, კონსტრუქციული ნაბიჯები, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა და შესაძლოა, რომ ჩვენ ვისაუბროთ პროგრესზე“, – განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მომავალ გეგმებსა ან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
შეგახსენებთ, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.