ახალი ამბები

“ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს” – მოსამართლეობის კანდიდატი

27 სექტემბერი, 2019 • 1078
“ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს” – მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიტდატი მამუკა ვასაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.

ვასაძე, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა, ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილის ე.წ საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება იმიტომ არ დაიწყო, რომ “კორესპოდენცია” მის დეპარტამენტში არ შესულა.

ეს კითხვა მოსამართლეობის კანდიდატს ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ დაუსვა.  დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არ დაიწყო 2014 წლის იანვარში პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება, რომელსაც მაშინ ვასაძე ხელმძღვანელობდა.

“2014 წლის იანვარში თქვენ დაინიშნეთ პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. ამას წინ უძღოდა ოთარ ფარცხალაძის გადადგომა და მერაბიშვილის სკანდალური განცხადება, რომ უკანონოდ გაიყვანეს საკნიდან და მასზე ზეწოლა განახორციელეს. მომხდართან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველმა და მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემაც კი განაცხადეს გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე. ისინი პროკურატურას მოუწოდებდნენ, დაეწყო გამოძიება. როცა გავრცელდა ინფორმაცია დანაშაულის შესახებ, რატომ არ დაიწყეთ გამოძიება?”

ამის საპასუხოდ მოსამართლეობის კანდიდატმა თქვა, რომ მის დეპარტამენტში “შესაბამისი კორესპონდენცია” არ შესულა.

“არ მახსენდება პირადად ამ საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო ნაწილში კონკრეტული კორესპონდენცია. ვიცი, რომ სისხლის სამართლის საქმიდან გამომდინარე [სასჯელაღსრულების დაწესებულების] გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობდა გამოძიება, რომლის მასალებიც დღესაც არსებობს”,-ამბობს ვასაძე.

ოთარ კახიძის თქმით, რომც არ ყოფილიყო ოფიციალური კორესპონდენცია, პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს გამოძიება უნდა დაეწყო, რადგან პირდაპირი მოწოდება არსებობდა. ამასთან, მერაბიშვილის განცხადებები გავრცელდა მედიითაც.

“მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყავით გამოძიება დაგეწყოთ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ეს გამოძიება არ დაიწყეთ და ახლა არსებობს ეჭვი და ვარაუდი, რომ თქვენი მეგობარი [ოთარ ფარცხალაძე] გარეული იყო ამ დანაშაულში. სწორედ ამის გამო არ დაიწყეთ გამოძიება”, – განაცხადა კახიძემ.


2013 წლის 17 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ 2013 წლის 13-14 დეკემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, იგი გამოიყვანეს №9 პენიტენციური დაწესებულებიდან და მიიყვანეს, სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მასზე მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა ფსიქოლოგიური ზეწოლა.

2013 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც  2014 წლის 14 იანვარს დასრულდა. სამსახურებრივი შემოწმებით  არ დადასტურდა  ივანე მერაბიშვილის მიერ გაცხადებული ფაქტი მისი საკნიდან უკანონო გაყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც აღნიშნულ ფაქტზე არ დაიწყო გამოძიება, განმარტავს პროკურატურა. ამის შემდეგ პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდა, რის შემდეგაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი