ახალი ამბები

ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას დააკვირდება

24 ნოემბერი, 2020 • 639
ეუთო/ოდირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას დააკვირდება

საქართველოს სახალხო დამცველმა თხოვნით მიმართა ეუთო/ოდირს, მონიტორინგი გაუწიოს საქართველოში უზენაესი სასამართლოს 10 მოსამართლის ვაკანსიაზე მიმდინარე შერჩევის პროცესს.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, დააკვირდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესს და შეაფასოს პროცესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

“იმის გამო, რომ 2019 წელს მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი მწვავედ იყო გაკრიტიკებული, პარლამენტმა 2020 წლის სექტემბერში მიიღო ახალი საკანონმდებლო ნორმები. სწორედ ახალი ნორმების საფუძველზე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის პროცესი დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 ვაკანსიაზე. მათგან 9 ვაკანსიაზე უკვე დასრულებულია საბუთების შეტანა, ხოლო 1 ვაკანსიაზე კვლავ მიმდინარეობს.

პროცესს თავისი მანდატის ფარგლებში ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს სახალხო დამცველი. ვინაიდან ეუთო/ოდირს უკვე შეფასებული აქვს წინა შერჩევის პროცესის მიმდინარეობა, ბუნებრივია, უაღრესად მნიშვნელოვანია მათი დაკვირვების ქვეშ მოექცეს მიმდინარე პროცესიც, რათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასდეს ეს უმნიშვნელოვანესი საკითხი”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ომბუდსმენის ცნობით, ამ ეტაპისთვის ზუსტდება ეუთო/ოდირის მონიტორინგის განხორციელების უშუალო ფორმა და მეთოდები.

მასალების გადაბეჭდვის წესი