ახალი ამბები

უგულავას საქმე მამუკა ვასაძემ აიცილა, თადუმაძემ – არა

2 მარტი, 2020 • 1839
უგულავას საქმე მამუკა ვასაძემ აიცილა, თადუმაძემ – არა

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია აქვეყნებს უზენაესი სასამართლოდან გამოთხოვილ ინფორმაციას, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლე მამუკა ვასაძემ, ვინაიდან მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის რანგში საქმეზე უგულავას საქმის გამომძიებლებისა და პროკურორების ზემდგომს წარმოადგენდა, თვითაცილება გამოაცხადა.

როგორც ცნობილია, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა და ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძემ ეს საქმე არ აიცილა. “ნეტგაზეთი” უზენაეს სასამართლოს დაუკავშირდა განმარტებისთვის, ერთი და იგივე გარემოება რატომ გახდა თვითაცილების საფუძველი მამუკა ვასაძის შემთხვევაში, ხოლო შალვა თადუმაძის – არა. პასუხს მიღების შემთხვევაში გამოვქვეყნებთ.

უზენაესი სასამართლოს წერილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულების – გიორგი საბანაძის, გიორგი უგულავას, დავით ავალიანისა და სხვათა მიმართ – საქართველოს უზენაეს სასამართლოში შევიდა 2019 წლის 23 იანვარს და 2019 წლის 24 იანვარს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილს დაეწერა, ხოლო 2019 წლის 31 დეკემბერს საქმე გადაეწერა მოსამართლე მამუკა ვასაძეს.

“საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 22 იანვრის განჩინებით, მოსამართლე მამუკა ვასაძემ განაცხადა თვითაცილება იმ გარემოების გათვალისიწნებით, რომ ამ საქმეზე სახელმწიფო ბრალმდებლის პურველი მოადგილის რანგში, წარმოადგენდა საქმეზე პასუხისმგებელი გამომძიებლებისა და პროკურორების ზემდგომს”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ ადვოკატისთვის გაგზავნილ წერილში.

ამავე დოკუმენტით ირკვევა, რომ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს სისხლის სამართლის საქმე დაეწერა 2020 წლის 23 იანვარს. უზენაესმა სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატამ, მერაბ გაბინაშვილის, შალვა თადუმაძისა და გიორგი შავლიაშვილის შემადგენლობით, პროკურატურის საკასაციო სარჩელი დასაშვებად ცნო, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

“სასამართლოს გაშვებული აქვს საქმის განხილვის 6-თვიანი ვადა, რაც კანონის ცალსახა დარღვევაა. თაროზე ჰქონდათ საქმე შემოდებული, როგორც კი პოლიტიკურად დასჭირდებოდა ბიძინას, რომ გამოეყენებინათ”, – ამბობს ბასილაია. შალვა ყალბდიპლომა თადუმაძის აცილების ცალსახა და უპირობო საფუძველი არსებობდა.
გენერალური პროკურორობისას მისი პირველი მოადგილე იყო მამუკა ვასაძე, რომელმაც ამავე საქმეზე თვითაცილება განაცხადა, ვერ ვიქნები ობიექტური და მიუკერძოებელი მოსამართლე, ჩემდამი დაქვემდებარებული პროკურორები ახდენდნენ ბრალდების მხარდაჭერასო. ამაზე მკაფიოდ თადუმაძის აცილების საფუძვლებს ადვოკატებიც კი ვერ მივუთითებდით”, – ამბობს ბექა ბასილაია.

მისივე თქმით, მერაბ გაბინაშვილმა და შალვა თადუმაძემ ათეულობით ტომიანი საქმე, რომელზეც დაკითხულია ათეულობით მოწმე, 23 იანვრიდან 10 თებერვლამდე პერიოდში განიხილეს.

“19 დღეში (აქედან 6 არასამუშაო დღე), უზენაეს სასამართლოში ამ მოცულობის საქმის განხილვა რამდენად რეალურია, ამაზე გონივრული მსჯელობა მე პირადად მიჭირს, ხომ შეიძლება ყალბი დიპლომი განსაკუთრებულ ინტელექტუალურ უნარებს უვითარებდეს ადამიანს”, – ამბობს ბასილაია.

უზენაესი სასამართლოს წერილი

მასალების გადაბეჭდვის წესი