ახალი ამბები

ჩუგოშვილის პასუხი ბესელიას ინფორმაციაზე ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ

27 სექტემბერი, 2019 •
ჩუგოშვილის პასუხი ბესელიას ინფორმაციაზე ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ წუხანდელ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ეხება.

“ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში თქვა, რომ სანამ პარტიას დატოვებდა, ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა ე.წ. ჩინჩალაძის სიის მხარდაჭერა. ამ შეხვედრას კი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილიც ესწრებოდა.

ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ეკა ბესელიასთან ერთად მართლაც ესწრებოდა. თუმცა ჩუგოშვილი არ საუბრობს, ივანიშვილი მართლაც ითხოვდა თუ არა ბესელიასგან ჩინჩალაძის და სხვა მოსამართლეები მხარდაჭერას:

“რამდენიმე წინადადება გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

1. პირადი ცხოვრების კადრებით ადამიანის განადგურების მცდელობა არის უმძიმესი დანაშაული. ეკა ბესელია არის ასეთი დანაშაულის მსხვეპლი და ამაში მე მის მიმართ ვარ სოლიდარული. მიუღებელია ასეთი დანაშაულის მსხვერპლთან ქილიკით, ირიბი მინიშნებებით თუ წამოძახილებით საუბარი და მიუხედავად იმისა, რომ არც ფიზიკური შეხლა-შემოხლაა ჩემთვის მოსაწონი, მესმის, მსხვერპლს ნერვებმა როდის შეიძლება უმტყუნოს.

2. ცალკე საკითხია მოსამართლეების დანიშვნის თემა. ჯერ კიდევ დეკემბერში და მას მერეც უამრავ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, სადაც ეს თემები იხილებოდა, ამ შეხვედრებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად უმრავლესობის სხვადასხვა წევრები ესწრებოდნენ. ყველა შეხვედრაზე ჩემი პოზიცია იყო უცვლელი. ჩემთვის, ისევე როგორც, ჩემი მრავალი კოლეგისთვი,ს მიუღებელი იყო მოსამართლეების ისე დანიშვნა, როგორც ეს საბჭომ დეკემბერში მოინდომა. უმრავლესობის არაერთი წევრი იყო დეკემბერში წარმოდგენილი სიის კენჭისყრაზე გატანის წინააღმდეგი (ამას ათეულობით მოწმე ჰყავს, ყველა მათგანს შეუძლია დაადასტუროს) და ის, რომ სია ჩავარდა, ამ ერთიანი პოზიციის დამსახურებაა და არა რომელიმე ერთი ადამიანის.

3. ერთ-ერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილთან ვიყავით მე და ეკა ბესელია. ჩვენ ორივე სიის დამტკიცების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა, განსხვავებული არგუმენტებით. ეკა ფიქრობდა რომ საბჭოს კანდიდატები კომიტეტთან წინასწარ უნდა შეეთანხმებინა. მე ამას არ ვიზიარებდი და ვფიქრობდი, რომ მოსამართლეების შერჩევის და დანიშვნის პროცესი ღია, გამჭვირვალე, ხანგრძლივი და რთული პროცესი უნდა ყოფილიყო, სადაც საზოგადოებას პროცესის ყველა წვრილმანი ეცოდინებოდა. ჩემი პოზიცია გასაგები და მისაღები იყო ბიძინა ივანიშვილისთვისაც და დღეს ჩვენ გავდივართ ურთულეს პროცესს, სადაც საზოგადოება ყველა დეტალს თვალს ადევნებს. რაც შეეხება დანარჩენს, დახურული შეხვედრის და ორი ადამიანის საუბრის საჯაროდ მოყოლა ჩემი საქმე არაა. თუ საჭიროდ ჩათვლიან, თავად ისაუბრებენ.

4. ჩემი პოზიცია რჩება უცვლელი, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის, საზოგადოების და ჩემი 9 წლის შვილის წინაშე. ის, რომ 20 კანდიდატი გადის გასაუბრებას (პირველად ხდება ქვეყანაში მოსამართლეების ასეთი ღია პროცესით შერჩევა და მე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია), არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი ჩემს ხმას მიიღებს. კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მივიღებ ღია განხილვისას მათ შესახებ შექმნილი შთაბეჭდილების მიხედვით.

ამ თემაზე და განსაკუთრებით ძველი შეხვედრების გარჩევაზე მეტ ლაპარაკს არ ვაპირებ. ჩემი პოზიცია ნათლად ვთქვი და ამით დავასრულე. სანამ პოლიტკოსების უდიდესი ნაწილი ერთმანეთის ლანღვა-გინებითაა დაკავებული, ვინმემ საქმეც უნდა აკეთოს და მე საქმის კეთებაში მირჩევნია დროის დახარჯვა”, – ნათქვამია ჩუგოშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი