“არ იყიდო! არ გაამდიდრო პუტინის მონა!”, “მე არ ვყიდულობ “ყაზბეგის” პროუქციას”, “ბოიკოტი “ყაზბეგის” პროდუქციას”, – ამ მოწოდებებით ფეისბუქში ფოტოები გავრცელდა.
პროტესტი გამოიწვია თოფაძის განცხადებამ იმის შესახებ, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრობამ უკეთესი გახადა.
თოფაძეს მიაჩნია, რომ საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს ნატოში, რადგან ის სამხედრო ბლოკია და სჯობს რუსეთთან ურთიერთობები დაალაგოს. თოფაძე განმარტავს, რომ ნატოს არ ძალუძს მოაგვაროს საქართველოს ტერიტორიული პრობლემები.
რაც შეეხება ბოიკოტს, გოგი თოფაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ ნატოს მიმართ გამოთქმული განცხადებების შემდეგ “ყაზბეგის” რეალიზაცია 42%-ით გაიზარდა. იგი არ გამორიცხავს, რომ ამ გამონათქვამმა განაპირობა რეალიზაციის ზრდა.
“შეიძლება ისეც მოხდა, რომ ზაფხულისკენ მატულობს, შეიძლება ამ განცხადებამ 42%-ით გაზარდა რეალიზაცია. ამ ხუთი დღის განმავლობაში 42%-ით გაიზარდა ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია. მისაღებია ხალხისთვის, რაც ჩვენ განვაცხადეთ. ვერავინ ვერ დამაზარალებს. ჩვენს კომპანიაში არაერთი წარმოება შემოდის. ყველა მუშაობს ძალიან კარგად და პირიქით, მადლობას ვეტყვი, რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ არასამთავრობოები ამ თემაზე”, – განაცხადა თოფაძემ.
თოფაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ იგი პრორუსი არ არის, უბრალოდ, არის პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, რომელსაც სურს საქართველო იყოს დამოუკიდებელი, ნეიტრალური და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა.
კითხვაზე, თუ რატომ გამორიცხავს ნატოს წევრობა განვითარებულობას, თოფაძე პასუხობს, რომ საქართველოს არ უნდა გაწევრიანდეს სამხედრო ბლოკში, რადგან “დიდი ქვეყნების ჯახში შეიძლება გავისრისოთ”.
“იმიტომ, რომ საშინელებას დაგვმართებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. არ დაუშვებენ ბალისტიკური რაკეტების დადგმას. დაგვანგრევენ”, – ამბობს გოგი თოფაძე.
ნეტგაზეთის კითხვას, ნატოს წევრობაზე უარის თქმა ხომ არ იქნება საბაბი რუსეთისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიის უფრო დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინოს, თოფაძე პასუხობს:
“როგორ, უფრო მეტი შანსი გვაქვს დავიბრუნთ ტერიტორიები რუსეთთან ურთიერთობის დალაგებით, მე არ გეუბნებით, რომ დაწოლით და დაქვემდებარებით. ვის მეტი შანსი აქვს, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე, თუ ნატოს შემოყვანაზე?!”
გოგი თოფაძე რუსეთის კეთილგანწყობას არ ელოდება, მაგრამ მიაჩნია, რომ ნატოს გარეშე საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების უფრო მეტი შანსი აქვს.