ახალი ამბები

ტექნიკური სამუშაოების გამო თბილისის აეროპორტში 27 სექტემბერს რამდენიმე რეისი გადაიდება

26 სექტემბერი, 2019 •
ტექნიკური სამუშაოების გამო თბილისის აეროპორტში 27 სექტემბერს რამდენიმე რეისი გადაიდება

ხვალ, 27 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რამდენიმე საათით არ იმუშავებს. ინფორმაცია ამის შესახებ “ნეტგაზეთს” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, დაგეგმილია შუქ-ტექნიკასთან დაკავშირებული სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე რეისი გადაიდება.

განახლება: იმავე საღამოს ავიაციის სააგენტოდან ნეტგაზეთს დამატებითი განმარტება მისწერეს:

„შპს „საქაერონავიგაცია“ გეგმიურად, წინასწარ ზუსტად გაწერილი გრაფიკის მიხედვით, პერიოდულად ანახლებს სანავიგაციო სისტემებს, ამოწმებს მათ გამართულ მუშაობას და მოყავს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

ერთ-ერთი ასეთი სარეაბილიტაციო სამუშაო განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 27-28 სექტემბერს, დღის ყველაზე ნაკლებად დატვირთულ მონაკვეთში, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება ILS – ის ინსტრუმენტალური დაშვების სანავიგაციო სისტემები.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სანავიგაციო ობიექტი მდებარეობს ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე, სამუშაოების განხორციელების გრაფიკი შემუშავდა ისე, რომ არ გაუქმებულიყო არც ერთი დაგეგმილი რეისი და მხოლოდ მცირედი დროის ცვლილებით, ჩვეულებრივად განხორციელდება 27-28 სექტემბერს დაგეგმილი ავიამიმოსვლა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

აღსანიშნავია, რომ ასეთი სამუშაოების დაგეგმვის დროს, როგორც წესი, „საქაერონავიგაცია“ 2 კვირით ადრე მიმართავს აეროპორტის ოპერატორ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, გამოსცემს ნოტამს, არჩევს ყველაზე ნაკლებად დატვირთულ დროს, უგზავნის შეტყობინებას ავიაკომპანიებს, რომლებიც ადგენენ საფრენოსნო გეგმებს ისე, რომ მგზავრები არ დაზარალდნენ.

ეს პროცედურა არის საერთაშორისო პრაქტიკა და ნებისმიერი ქვეყნის აეროპორტი სწორედ ამ პროცედურების დახმარებით ახერხებს, რომ სანავიგაციო სისტემა მუდმივად გამართულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირებდეს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი