ახალი ამბები

ზაზა ხატიაშვილი: ოთო კახიძის დამხმარე ადვოკატს სახლთან დახვდნენ და სცემეს

18 მარტი, 2015 •
ზაზა ხატიაშვილი: ოთო კახიძის დამხმარე ადვოკატს სახლთან დახვდნენ და სცემეს

“ადვოკატ დავით კაკოიშვილზე განხორციელებული თავდასხმა, სავარაუდოდ, მისი დაშინების მიზნით არის ჩადენილი, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ტრადიციად იქცა. დავით კაკოიშვილი ეხმარება ადვოკატ ოთარ კახიძეს, რომელიც ყოფილი მაღალჩინოსნების ადოკატი ბრძანდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატზე განხორციელებულ თავდასხმას სავარაუდოდ პოლიტიკური ელფერი აქვს, რაც საგანგაშო ფაქტია.


დავით კაკოიშვილზე განხორციელებული თავდასხმა პირველი შემთხვევა რომ იყოს ადვოკატებთან მიმართებაში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნულს ხულიგნურ ქმედებას მივაწერდი, მაგრამ ადვოკატების ცემის წახალისება ხელისულფლების მხრიდან მიგვანიშნებს მმართველი გუნდის ნებაზე განხორციელდეს აგრესია იმ ადვოკატებთან მიმართებაში, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელ მაღალჩინოსნებს იცავენ.


ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოვითხოვე მთავარი პროკურორისგან ადვოკატების: რომეო საჯაიას, ირაკლი ზაქარეიშვილის, ნონა კირთაძის, ნუგზარ სამარჯიშვილის, დიმიტრი გაბუნიას მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ფაქტების გამოძიება, მაგრამ პროკურატურამ არც ერთი სავარაუდო დამნაშავე არ დააკავა. პროკურატურის უმოქმედობამ წაახალისა ყველა ის პირი, რომელსაც სურვილი აქვს გაუსწორდეს ადვოკატს, რაც სამარცხვინო ფაქტია.


იმ არაკვალიფიციური პროკურორების გასაგონად, რომლებმაც არ იციან საერთაშორისო სტანდარტები ადვოკატებთან მიმართებაში, განვმარტავ, რომ ადვოკატის მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან გაიგივება წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობაში ხელის შეშლას. მთელი ცივილიზებული სამყარო ადვოკატებთან მიმართებაში ხელმძღვანელობს გაეროს ძირითადი პრინციპებით ადვოკატის როლის შესახებ (27 აგვისტო-7 სექტემბერი, 1990, ჰავანა), რომელიც შემდგომ მთლიანად ასახულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დადგენილებაში.


ადვოკატები თავიანთი ფუნქციის შესრულების გამო არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან; ხელისუფლებას ვაძლევ ერთ კვირის ვადას, ჩაატაროს ეფექტური გამოძიება ადვოკატ დავით კაკოიშვილს მიმართ განხირცილებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით და დასაჯოს ის პირები, ვინც მონაწილეობდენ ადვოკატის მიმართ განხორცილებულ ძალადობაში”, – ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.


ნეტგაზეთი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი