ახალი ამბები

ლავროვი: NATO-ს რუსეთის საზღვრებთან მიახლოება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს

26 სექტემბერი, 2019 •
ლავროვი: NATO-ს რუსეთის საზღვრებთან მიახლოება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს

“კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერივუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებით რუსეთის მიზანი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში  (NATO) გაწევრიანებისთვის დაბრკოლების შექმნა არ ყოფილა.

თუმცა რუსი დიპლომატი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყნის ინტერესშია, NATO-ს საზღვრები რუსეთს არ მიუხლოვდეს:

“ვადასტურებ, რომ ჩვენ არ გვსურს, NATO-ს საზღვრები მჭიდროდ მოგვიახლოვდეს, ჩატარდეს წვრთნები, განლაგდეს შეიარაღება, რომლის განთავსებაზეც უარი ჩვენ 1990-იან წლებში დადებული ხელშეკრულებით ვთქვით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა.

თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებდით. როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ყველა შეთანხმება დაარღვია, ჯარს დანაშაულებრივი განკარგულება მისცა, ცეცხლი გაეხსნათ მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობისმყოფელთათვის… ჩვენ არ ვფიქრობდით, რომ NATO იქ არ იყო, ჩვენ იქ მცხოვრები ადამიანების გადარჩენაზე ვფიქრობდით. თუმცა, რა თქმა უნდა, NATO-ს რუსეთის საზღვრებთან მიახლოება ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს”, – ამბობს ლავროვი.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება თუ საქართველო ალიანსს სრული ტერიტორიით შეუერთდება, რის შესახებ განცხადებაც, ჟურნალისტის თქმით, NATO-ს გენერლებმა გააკეთეს და თქვეს, რომ საქართველო NATO-ში აფხაზეთით და სამხრეთ ოსეთით უნდა შევიდეს, ლავროვმა უპასუხა: “რუსეთი ომს არ დაიწყებს, თუმცა ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდება ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც მთავარ პრიორიტეტად ამ ალიანსში გაწევრება აქვთ დასახული.”

აღნიშნულ საკითხზე იენს სტოლტენბერგს განცხადება არ გაუკეთებია. 10 სექტემბერს ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წამოაყენა წინადადება, რომ საქართველო შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ისე, რომ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდეს.  ვრცლად, თუ რას გულისხმობდა რეალურად რასმუსენი შეგიძლიათ, წაიკითხოთ ბმულზე.

კითხვაზე, მეტად როგორ უნდა დაიძაბოს რუსეთის ურთიერთობა ამ ქვეყნებთან, რადგან  ისედაც საკმაოდ დაძაბულია, ლავროვი პასუხობს, რომ “არა ამდენად”:

“NATO-ში ბევრი ქვეყანაა, რომელიც რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას ინარჩუნებს, თუმცა, როდესაც ალიანსი შეპყრობილია გაფართოების სურვილით, ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მიზანი რუსეთისთვის ალყის შემორტყმაა. ჩვენ გვხედავენ, როგორც მტერს მათი საზღვრების შიგნით და ეს რუსეთის განვითარებას ართულებს.

NATO-ს უსაფრთხოებას არაფერი შეუძენია მონტენეგროს და მაკედონიის მიღებით, ამ კუთხით სერბეთის მიღებაც აზრსაა მოლებული და აქედან გამომდინარე მხოლოდ ერთი მიზანი რჩება, რუსეთის ფედერაციის შეზღუდვა აგრესიული მეთოდებით. დიდი ხანია დისკუსია მიმდინარეობს, რა არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მნიშნევლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. თეორეტიკოსები ბრიუსელში იწყებენ საუბარს, რომ თავდაცვითი ალიანსიდან ის უნდა გადაიქცეს კავშირად, რომელიც მსოფლიოს გარშემო დემოკრატიასა და უსაფრთხოებას უზრუნვეყოფს.  ეს არის ჰეგემონია თავისი არსით, სადაც ლიბერალებს ყველაფრის გაკეთება შეეძლებათ, არალიბერალები კი უნდა დაემორჩილონ”, – ამბობს ლავროვი.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი