ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

რასმუსენი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობას არ გვთავაზობს – გიორგი ცხადაია

12 სექტემბერი, 2019 • 2731
რასმუსენი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დათმობას არ გვთავაზობს – გიორგი ცხადაია

ავტორი: გიორგი ცხადაია, პოლიტოლოგი, თბილისი


[red_box]რას გულისხმობს რასმუსენის ინიციატივა  და რამდენად მისაღებია საქართველოსთვის[/red_box]

10 სექტემბერს ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა წამოაყენა წინადადება, რომ საქართველო შეუერთდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ისე, რომ ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ გავრცელდეს. იქამდე მსგავსი წინადადებით  გამოვიდა ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის, The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ ქოფიც. თუმცა, ცხადია, რასმუსენის გამოსვლამ ინიციატივას მეტი პოლიტიკური წონა შესძინა. 

ამ გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. მაგალითად, თავდაპირველად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე უარს ვერ იტყვის. მოგვიანებით, მანვე აღნიშნა, რომ რასმუსენის წინადადება ტერიტორიებზე უარის თქმას არ გულისხმობდა და თუკი პარტნიორები გადაწყვეტენ, ეს საკითხი მალევე გადაიჭრება. პარლამენტის ვიცესპიკერი, „ქართული ოცნების“ წევრი თამარ ჩუგოშვილი რასმუსენის ინიციატივას შეეწინააღმდეგა. მისი თქმით, საქართველოს ამოცანაა, რომ გახდეს ნატო-ს წევრი „სრული ტერიტორიით“ და არა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. 

ერთი სიტყვით, ისე გამოვიდა, რომ რასმუსენის ინიციატივაზე მმართველ პარტიას ერთიანი პოზიცია არ აქვს. უმრავლესობის წევრების განცხადებების ინტერპრეტირება სულ მცირე სამნაირად შეიძლება: 1) რასმუსენი გვთავაზობს ტერიტორიების დათმობას – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე უარის თქმას (ეს ინტერპრატაცია მოგვიანებით თავადვე უარყვეს); 2) რასმუსენი არ გვთავაზობს ტერიტორიებზე უარის თქმას, მაგრამ ჩვენ ნატო-ში შესვლა მხოლოდ „სრული ტერიტორიით“ გვსურს; 3) თუკი პარტნიორები გადაწყვეტენ, საქართველო ტერიტორიების გარეშე ნატო-ში შესვლაზეც თანახმაა.

ძნელი სათქმელია, საქართველოს ხელისუფლება შეუგნებლად ავრცელებს ასეთ გაუგებარ და ორაზროვან მესიჯებს, თუ გამიზნულად, მაგრამ ფაქტია, რომ ამ საკითხზე მსჯელობას ასეთი განცხადებები კიდევ უფრო ართულებს. ამიტომ ქვემოთ, პირველ რიგში, ვისაუბრებ იმაზე, თუ რას გულისხმობს რასმუსენის ინიციატივა (1).  შემდეგ შევეხები იმას, თუ რამდენად შედის ჩვენს ინტერესებში ნატოში შესვლა ტერიტორიების გარეშე (2). ბოლოს, საქართველოს მხრიდან ამ პოზიციის დაკავების მიზანშეწონილობას განვიხილავ (3).

(1) დავიწყოთ იმით, თუ რას გულისხმობს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე, კოლექტიური თავდაცვის მუხლი. ამ მუხლში ვკითხულობთ, რომ ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ალიანსის რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ნატო-ს სხვა წევრები სხვადასხვა საშუალებებით ჩაებმებიან სამხედრო კონფლიქტში. იქვე მეექვსე მუხლი აზუსტებს, თუ კონკრეტულად რომელ ტერიტორიებს ეხება კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება.

მეექვსე მუხლის მიხედვით, კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება ეხება ალიანსის ყველა წევრს და მათ ტერიტორიებს,  კირჩხიბის ტროპიკის ჩრდილოეთით. გამოდის, რომ თუ ამ თავდაპირველ განმარტებას მივყვებით,  მეხუთე მუხლი არ ეხება, მაგალითად, საფრანგეთის ტერიტორიებს წყნარ ოკეანეში, ან ბრიტანეთის ფოლკლენდის კუნძულებს. ერთი სიტყვით, თავდაპირველი განმარტება უკვე იძლევა იმის პრეცედენტს, რომ მეხუთე მუხლმა სახელმწიფოს ყველა კუთვნილი ტერიტორია არ მოიცვას (სხვა საკითხია ის, თუ რეალობაში როგორ მოხდება ამ მუხლის ინტერპრეტაცია).

ის, რასაც რასმუსენი ნატოს წევრებს სთავაზობს, არის მეექვსე მუხლის შეცვლა ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება არ გავრცელდეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე (თავად რასმუსენმა გაავლო პარალელი აღმოსავლეთ გერმანიასთან, მაგრამ ეს მთლად ზუსტი შედარება არ არის, იმის გათვალისწინებთ, რომ აღმოსავლეთ გერმანია გაეროს წევრი იყო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისგან განსხვავებით). რასმუსენის წინადადება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ნატო არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ კოლექტიური თავდაცვის ვალდებულება ამ სეპარატისტულ რეგიონებზე არ გავრცელდება. შესაბამისად, ვოლსკის თავდაპირველი მოსაზრება, რომ რასმუსენი ტერიტორიების დათმობას გვთავაზობს, ცალსახად მცდარია. 

(2) მეორე საკითხია ის, თუ რამდენად აწყობს საქართველოს ნატო-ში შესვლა ისე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ გავრცელდეს. თამარ ჩუგოშვილის განცხადებაში არ ჩანს რამე არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა შევიდეთ ნატოში ტერიტორიების გარეშე. სავარაუდოდ, ჩუგოშვილი გულისხმობს იმას, რომ ნატოში ამ ფორმით შესვლით მომავალში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება გაგვიჭირდება. თუმცა გაუგებარია, რანაირად შემცირდება ახლანდელთან შედარებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე იურისდიქციის აღდგენის შანსი, იმ ფონზე, როდესაც ამჟამად ასეთი შანსი თითქმის არ გვაქვს.

ერთადერთი შედარებით რეალისტური ვარიანტი, რასაც მაგალითად, „პატრიოტთა ალიანსი“  და ნინო ბურჯანაძე გვთავაზობენ, არის რუსეთთან დამეგობრება, რაც რეალობაში, რუსეთის ვასალად/მსახურად ქცევას ნიშნავს. ეს ფაქტობრივად სუვერენიტეტის მთლიანად დაკარგვას გულისხმობს – დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვეღარასდროს მივიღებთ და რუსეთის სატელიტებად ვიქცევით (ქვეყნის შიგნით კი მარადიული ოლიგარქიული რეჟიმი დამყარდება). ამის გათვალისწინებით, „რასმუსენის მოდელი“ ტერიტორიების დაბრუნების შანსს არ ამცირებს. პირიქით, ნატოში შესვლით შევძლებთ არსებული სუვერენიტეტის შენარჩუნებას. რუსეთი ნატოს წევრთან ღია ომს ვერ გაბედავს. ასეთი სცენარი დამღუპველი იქნება ნატოსთვისაც და თავად რუსეთისთვისაც. 

(3) ბოლოს, განვიხილოთ ისიც, თუ რამდენად შედის ჩვენს ინტერესებში რასმუსენის ინიციატივის ოფიციალურ დონეზე გახმიანება. ამ იდეის საერთაშორისო დონეზე დაფიქსირების მოწინააღმდეგეებმა სულ მცირე ორნაირი არგუმენტი შეიძლება შემოგვთავაზონ. პირველი, „რეალისტური“ პოზიციის მიხედვით, ამაზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან მას ისედაც არავინ მიიღებს სერიოზულად. რასმუსენის ინიციატივაზე, ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიისა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ უკვე განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით, ამ საკითხზე დისკუსიას აზრი არ აქვს, რადგან ნატო არ არის მზად ამ წინადადების სერიოზულად განსახილველად. რასმუსენს ამაზე თავისი კონტრარგუმენტი აქვს.  „სამოქალაქო საქართველოსთან“ [civil.ge] მიცემულ  ინტერვიუში იგი აღნიშნავს, რომ მისი ინიციატივა ევროპაში სკეპტიკოს ქვეყნებს აღარ მისცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების დისკუსიას თავი აარიდონ. 

ახლა ისე გამოდის, რომ ეს ქვეყნები მუდმივად იმიზეზებენ რაღაცებს იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაბლოკონ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასმუსენის არგუმენტის მიხედვით, აქ მთავარი ის კი არ არის, თუ რა პასუხს გაგვცემენ ნატოში (იმის ალბათობა არც ისე დიდია, რომ ჩვენს ინიციატივას სერიოზულად მიიღებენ), არამედ მნიშვნელოვანია თავად ამ დისკუსიის წარმოება. ფაქტია, რომ სკეპტიკოსმა ქვეყნებმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ რუსეთზე, როგორც დამაბრკოლებენ ფაქტორზე და არა იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ნატო-ში გაწევრიანების რაღაც მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ. 

მეორე არგუმენტი, თუ რატომაც შეიძლება არ გვაწყობდეს ამ ინიციატივის გახმიანება, ის არის, რომ ამან შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს. გაღიზიანებულმა რუსეთმა შესაძლოა ახალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტი წამოიწყოს საქართველოში, რამაც შეიძლება ქვეყნის სუვერენიტეტიც შეიწიროს. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკვე ცდილობს კონფლიქტის გაჩაღებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ე.წ. ბორდერიზაციით, გამწვავების რისკი მართლაც არსებობს. ამ არგუმენტის წინააღმდეგ, სულ მცირე, ორი სახის კონტრარგუმენტი არსებობს.

პირველი, ჩვენ და არც არავინ, თავად რუსეთის გარდა, არ იცის, თუ რა ლოგიკით მოქმედებს კრემლი. ის მოსაზრება, რომ კრემლს უღირს საქართველოსთან ახალი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყება და უბრალოდ, კეთილი ნების გამო არ შვრება ამას, უაღრესად პრობლემურია. უფრო მეტად სავარაუდოა, რომ კრემლს რაღაც გარეშე ფაქტორები აკავებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსაც და ნატოსაც უკვე არაერთხელ აქვთ გაცხადებული მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, მეეჭვება, რომ ახალმა განცხადებებმა რამე ფუნდამენტური შეცვალოს. 

მეორე, ფაქტია, რომ ვერც არსებული საგარეო პოლიტიკა უზრუნველყოფს რუსეთის მხრიდან მომავალი ზეწოლის შემცირებას. რუსეთი აგრძელებს როგორც სამხედრო პროვოკაციებს (ე.წ. ბორდერიზაციით), ისე ეკონომიკურ ბლოკადას. რაც მთავარია, საქართველოს მთავრობის რიტორიკის მიუხედავად, რუსეთისგან მომავალი ზეწოლა არ მცირდება, არამედ, პირიქით, პროგრესირებს. 

ამ ფონზე ისე ჩანს, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომ რუსეთის პროვოკაციები შერბილდეს, არის მეტი საერთაშორისო აქტორის ჩართვა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებაში. მეტი საერთაშორისო აქტორის დღის წესრიგში უნდა მოექცეს ის, თუ რა ვითარებაა საქართველოში და რამდენად სერიოზულია რუსეთის ქმედებები სამხრეთ ოსეთში. რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე თვალის დახუჭვა თავის დროზე დასავლეთს ძვირად დაუჯდა. 2008 წლის აგვისტოს ომი იყო სრულიად მოულოდნელი მოვლენა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის; თითქმის ვერავინ იფიქრებდა იმას, რომ რუსეთი საქართველოში შემოიჭრებოდა.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტებიც ძირითადად „გაყინულ კონფლიქტებად“ მიიჩნეოდა.  საბოლოოდ, დასავლეთს, თითქმის მოუმზადებლად, მაგრამ მაინც მოუწია ამ კონფლიქტების დასარეგულირებლად ზომების მიღება და ისე გამოვიდა, რომ მისმა მოუმზადებლობამ რუსეთის შემდგომი გათამამება გამოიწვია. საქართველოში რუსეთის შემოჭრას მოჰყვა ომი აღმოსავლეთ უკრაინაში და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია. ახლაც იგივე რომ არ განმეორდეს, საჭიროა ყველა დონეზე მეტი კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან. 

ამჟამად ისე ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ზედმეტად ფრთხილად მიჰყვება ნატოს წევრი სკეპტიკოსი ქვეყნების დღის წესრიგს. ეს ქვეყნები კონფლიქტზე რეაქციას აგვიანებენ, მაგრამ მათ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება – მათ შორის საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ან საქართველოსთვის რამე სხვა სახის გარანტიების მიცემაზე, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევთ. ასეთ ვითარებაში, თავად საქართველოსაც შეუძლია გადადგას გარკვეული ნაბიჯები ამ მიმართულებით დისკუსიის ხელშესაწყობად.

გიორგი ცხადაია

მასალების გადაბეჭდვის წესი