“ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ საჭიროა საარჩევნო სისტემის დახვეწა. უნდა იყოს უზრუნველყოფილი ეროვნული და ადგილობრივი, რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპი. უნდა უზრუნველვყოთ ქალთა მეტი წარმომადგენლობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მათ შორის საპარლამენტო არჩევნების დროს. მე, როგორც ერთი კონკრეტული მოქალაქე პარლამენტის წევრი, ვიზიარებ ამ პრინციპს. ამასობაში ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ პრინციპების შესაბამისად უნდა მოხდეს კონკრეტული მოდელების შემუშავება და ამაზე ჩამოყალიბება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
აღნიშნული დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმზე ხელმომწერი ინტერპარტიული ჯგუფის, საექსპერტო წრეებისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეხვედრაზე დავით უსუფაშვილმა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით სამოქალაქო თანხმობის მემორანდუმს მოაწერა ხელი. მემორანდუმში საუბარია იმაზე, რომ აუცილებელია დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად მოქმედი საარჩევნო სისტემის შეცვლა.