ახალი ამბები

რუსეთი შესაძლოა ყველა ძირითადი სპორტული ღონისძიებიდან მოხსნან

25 სექტემბერი, 2019 •
რუსეთი შესაძლოა ყველა ძირითადი სპორტული ღონისძიებიდან მოხსნან

დოპინგის სკანდალის გამო რუსეთი შესაძლოა ყველა ძირითად სპორტულ ღონისძებას გამოეთიშოს. როგორც BBC წერს, აღნიშნული შინაარსის განცხადება მსოფლიო ანტიდოპინგ სააგენტომ გააკეთა.

გამოცემა წერს, რომ ქვეყანას სამი თვე მისცეს, რათა განმარტოს “შეუსაბამობები”, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსი სპორტსმენები ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობას სავარაუდოდ ვერ შეძლებენ.

BBC წერს, რომ რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგ-ტესტის შედეგების შემცველი მონაცემთა ბაზა, სავარაუდოდ, წაშლილია და სააგენტოში ამის შესახებ განმარტებას ელოდებიან.

საელმწიფოს მიერ დაფინანსებული დოპინგ-პროგრამის გამო სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, რუსეთმა სააგენტოს მიაწოდა მონაცემები მოსკოვში მდებარე ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევების შესახებ, თუმცა მონაცემებში შეუსაბამობები აღმოჩნდა. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, ამ დროისთვის რუსეთისთვის აკრძალვის დაწესება ჰიპოთეტურია, თუმცა კომიტეტი საკითხის შესწავლას აგრძელებს და თუ დარღვევები კრიტიკული იქნება, რუს სპორტსმენებს ახალი სანქციები დაეკისრებათ.

სანქციებს შორის შესაძლოა იყოს რუსი სპორტსმენებისთვის ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატებზე ასპარეზობის აკრძალვაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი