ახალი ამბები

პრემიერი: უსამართლობაა სპეცრაზმელი ხელმძღვანელის დავალების შესრულების გამო დაისაჯოს

17 მარტი, 2015 •
პრემიერი: უსამართლობაა სპეცრაზმელი ხელმძღვანელის დავალების შესრულების გამო დაისაჯოს

“უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი”, – მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა დაბა ასპინძაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს.

 

პრემიერის განცხადებით, სპეცრაზმელებს ხშირად არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა სახის დავალებას ასრულებენ და ამ შემთხვევაში ხელმძღვანელი არის პასუხისმგებელი. 

 

“უსამართლობაა, როდესაც სპეცრაზმელს დააბრალებ იმას, რაც მას არ დაუგეგმავს, არ გაუფიქრებია და ორგანიზება არ გაუკეთებია. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის გმირები, რადგან ტყვიაზე მიდიხართ და საკუთარ სიცოცხლეს წირავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც ღონისძიება შეასრულა. თქვენ ხშირად არ გაქვთ ინფორმაცია, რა დავალებას ასრულებთ და პასუხისმგებელია ის ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ გაძლევთ ამა თუ იმ დავალებას. ვისურვებდი, უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს ყველამ, როდესაც საქმე ეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებთან ურთიერთობას, ვინაიდან თქვენ, ჯარისკაცები, ხართ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები და ვალდებული ვართ, დაგიცვათ,” – განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არავის მისცემს მათი დისკრედიტაციის უფლებას:

 

“ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე ფორმით მოხდეს თქვენი სახელის დისკრედიტაცია და უსამართლო ბრალდებებით შემოტევა თქვენი მისამართით. თქვენ გყავთ გულწრფელი მხარდამჭერი ჩემი სახით, მინისტრის სახით. მინდა იყოთ დარწმუნებული, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თქვენი საქმე იყოს უფრო მეტად დაფასებული ამ ქვეყანაში. თქვენ 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენელ საქმიანობას ეწევით,”– თქვა პრემიერიმა. 


2006 წელს ჩატარებული “კორტების სპეცოპერაციის” საქმეზე პროკურატურის მიერ 2015 წლის თებერვალში დაკავებული 11 პირიდან 6 ყოფილი სპეცრაზმელია და მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვთ წარდგენილი (სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი). სასამართლომ 4 თებერვალს ყველა მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სპეცრაზმელთა უფლებადამცველები მაშინ საუბრობდნენ, რომ ამ საქმეზე მათი დაკავება არასწორია, რადგანაც სპეცრაზმელებს ბრძანების მიღებისას არ აქვს საშუალება გადაამოწმოს, ვინმე ბოროტად ხომ არ იყენებს უფლებამოსილებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი