საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად.
“როგორც კომიტეტის 4 სექტემბრის სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, პოლიტიკის გამკაცრება გაგრძელდება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე. ამავე დროს, კომიტეტმა, საჭიროების შემთხვევაში, რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობაზეც აღნიშნა. კომიტეტის გასული სხდომის შემდეგ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გაუფასურებულ დონეზე ნარჩუნდება, რის გამოც ინფლაციური მოლოდინები კვლავ სახეზეა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო”, – ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ინფორმაციით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, ორგანიზაციის განმარტებით, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 5 310 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
სებ-ის განცხადებით, ეროვნული ბანკი მუდმივ რეჟიმში აკვირდება ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებიდან მომდინარე ინფორმაციას და საჭიროების შესაბამისად გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
“საგარეო სექტორის მონაცემები კვლავ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებაზე მიუთითებს. კერძოდ, აგვისტოს თვეში გაგრძელდა საქონლისა და მომსახურების ვაჭრობის ბალანსის გაუმჯობესება, რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან ერთად, მოლოდინების არხით ხელს უწყობს გაცვლითი კურსის გამყარებას და შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის სასურველ დინამიკას უზრუნველყოფს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 23 ოქტომბერს ჩატარდება”, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნული ბანკს შეეძლო დაეწყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება 24 ივლისის სხდომაზე, რაც შეამცირებდა ინფლაციაზე გაცვლითი კურსის ზეწოლას და აღარ იარსებებდა რიგგარეშე სხდომის ჩატარების საჭიროება.
“თუმცა ეროვნული ბანკი 9 თვის განმავლობაში აცხადებდა, რომ ფასების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ისეთი ერთჯერადი ფაქტორით, როგორიცაა თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატება, რომელიც წლის ბოლოსთვის აღმოიფხვრებოდა და ჩარევის საჭიროებას ვერ ხედავდა. თუმცა ფაქტია, რომ ფულადი ნაკადების შემოდინების კლება (შემცირებაა როგორც ტურიზმის სექტორში, ასევე ინვესტიციების კუთხით) და უარყოფითი მოლოდინების არსებობა, საკმაოდ დიდი წნეხია ინფლაციაზე და ის მნიშვნელოვნად აღემატება მიზნობრივ მაჩვენებელს (აგვისტოში ინფლაციამ 4.9% შეადგინა, როცა მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია). 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედებულმა რეგულაციებმა ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საშუალება შეუზღუდა, რადგან ეს ეკონომიკის კიდევ უფრო შენელებას გამოიწვევდა. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის ნაცვლად მივიღეთ პოლიტიკის გამკაცრება უმოკლეს ვადებში და, ფაქტობრივად, საგანგებო რეჟიმში. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, გაამკაცროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, სავარაუდოდ, გამოიწვევს ინფლაციის დაახლოებას მიზნობრივ მაჩვენებელთან, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა შეამცირებს ეკონომიკურ აქტივობას და შეანელებს ეკონომიკურ ზრდას. ასევე, გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ლარში გასაცემ და გაცემულ სესხებზე”, – ნათქვამია “საზოგადოება და ბანკების” განცხადებაში.