ნეტგაზეთი | შეწყალების საქმე: პრეზიდენტმა მხოლოდ ოთხმეზურის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა? შეწყალების საქმე: პრეზიდენტმა მხოლოდ ოთხმეზურის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა? – Netgazeti

შეწყალების საქმე: პრეზიდენტმა მხოლოდ ოთხმეზურის ოჯახთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა?

მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტს გიორგი ოთხმეზურთან მისვლა და მისი შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის შეწყალების საკითხზე საუბარი სურდა. თუმცა, როგორც თარაშ მუკბანიანისა და გიორგი ქოიავას ოჯახის ახლობლები ამბობენ, მათთვის მსგავსი შეთავაზება პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავის გაუკეთებია.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მკვლელობაში ბრალდებული 3 ადამიანი შეიწყალა.

ნანა ლორთქიფანიძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ოთხმეზურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას უარი უთხრა, რადგან მიაჩნდა, რომ პრეზიდენტმა სხვა ოჯახებსაც უნდა აუხსნას საკუთარი საქციელი.

“როცა უკვე [შეწყალების თემა გაჟღერდა] ტელევიზიებში, გიორგი საქართველოში არ იყო, ამიტომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მე დამიკავშირდნენ. გიორგი [ოთხმეზური] იმ დილით საქართველოში ახალი ჩამოსული იყო. მათ მთხოვეს მისამართი და მითხრეს, რომ გიორგისთან მისვლა უნდათ. რასაკვირველია, ჯერ მას ვკითხე, შემეძლო თუ არა ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მისი მისამართი მიმეცა. მოკლედ, ისინი მივიდნენ და გიორგის უთხრეს, რომ პრეზიდენტს მის სახლში მისვლა უნდოდა. რაზეც გიორგის, ჩემი აზრით, ადეკვატური რეაქცია ჰქონდა: რას ნიშნავს, გიორგისთან მისულიყო, მაშინ ყველა ერთად დაებარებინა საქართველოს პრეზიდენტს და დალაპარაკებოდა”, – განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

ნანა ლორთქიფანიძე ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის ნათესავია.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მას უთხრეს, რომ პრეზიდენტი მომხდარით “ძალიან შეწუხებულია”: “მას [სალომე ზურაბიშვილს] გვარი ოთხმეზური სიაში არ შეხვდაო, ასე მითხრეს. ანუ მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი და გიორგი ოთხმეზურის შვილი უნდა იყოს მაინცდამაინც, რომ ქალბატონი სალომე შეწუხდეს?! აბსოლუტურად გაუგებარი თავისმართლებაა”, – ამბობს ნანა ლორთქიფანიძე.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არ დაკავშირებიან მოკლული თარაშ მუკბანიანისა და გიორგი ქოიავას ოჯახებს. ტელეკომპანია “პირველის გადაცემაში “პირველები” თარაშ მუკბანის დეიდა ნინო ოდიშარია ამბობს, რომ პრეზიდენტისგან შეწყალების აქტის დოკუმენტს ითხოვს.

“ნეტგაზეთი” მუკბანიანის ოჯახის სხვა წევრებსაც დაუკავშირდა, რომლებმაც ასევე დაადასტურეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მათთან კომუნიკაციის სურვილი არავის გამოუთქვამს.

ამავე გადაცემაში, მოკლული გიორგი ქოიავას ნათესავი მანჩო გიორგობიანი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმიისტრაციიდან მას ჰკითხეს გიორგი ქოიავას მამის, თამაზ ქოიავას მისამართი, თუმცა, როგორც თამაზ ქოიავამ “ნეტგაზეთს უთხრა, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მასთან შეხვედრის სურვილით არავინ დაკავშირებია და გნაცხადა, რომ თუ ასეთი შეთავაზება იქნება, მასზე თავად იტყვის უარს.

ნეტგაზეთმა შესაბამისი შეკითხვით პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.