უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა მერაბ გაბინაშვილმა თავი შეიკავა სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკურ-სამართლებრივი ფორმის შეფასებისგან და თქვა, რომ რეჟიმების შეფასების საშუალებას ეთიკა არ აძლევს.
ამის შემდეგ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ჰკითხა, გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში რა რეჟიმი იყო.
“არ ვიცი, ვერ გეტყვით. ჩვეულებრივ, ვრცელდებოდა ომის შემდგომი ტენდენცია. დემოკრატიული ერქვა. მე გერმანიის ისტორიას არ გაბარებთ აქ”, – განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა და თქვა, რომ არ აპირებს შეფასებას, რა რეჟიმი იყო გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
გედევან ფოფხაძემ გაბინაშვილს სთხოვა აეხსნა, რატომ არ სცემდა კითხვას პასუხს – ეს იყო ისტორიის არცოდნით გამოწვეული, თუ, როგორც სამართლის მცოდნე, ვერ აფასებდა რეჟიმის დემოკრატიულობას.
“არ ვაპირებ ამის შეფასებას. ასეთი განწყობა მაქვს, რომ გერმანიის დემოკრატიის არსებობაც და ფედერაციული რესპუბლიკის არსებობაც იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური გადაწყვეტილება იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც პოსტომის შედეგებს მოჰყვა”, – განაცხადა გაბინაშვილმა.