ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო საქნახშირს მოუწოდებს, მეშახტეების სახელფასო დავალიანება დაფაროს

24 სექტემბერი, 2019 • 1066
ეკონომიკის სამინისტრო საქნახშირს მოუწოდებს, მეშახტეების სახელფასო დავალიანება დაფაროს

“მოვუწოდებთ „საქნახშირის“ ადმინისტრაციას, დროულად წარმართოს მოლაპარაკება შახტებში დასაქმებულებთან და უზრუნველყოს დასაქმებულთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება”, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, კომპანია „საქნახშირი“ ვალდებულია, დაიცვას საკუთარი თანამშრომლების შრომითი უფლებები და კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები, მათ შორის, სახელფასო ანაზღაურების დროულად გადახდის მიმართულებით.

“კომპანიამ ასევე უნდა უზრუნველყოს და  დაიცვას ტყიბულის შახტებში დასაქმებულთა ინტერესები, მით უფრო, როდესაც საუბარია როგორც შახტებში ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე შრომითი პირობების თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე.

ტყიბულის შახტებში არსებული მდგომარეობა გერმანულმა კომპანიამ DMT შეისწავლა. გერმანელი სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ტყიბულის შახტებში ტექნიკურ და შრომითი უსაფრთხოების კუთხით შეუსაბამობები გამოვლინდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით „საქნახშირს“ თითქმის ერთი წელია, რაც მიეცა რეკომენდაციები, რომლის შესრულებაც კომპანიას შახტებში სრულფასოვანი ამოქმედების შესაძლებლობას მისცემს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

24 სექტემბრის დილიდან ტყიბულში 30-მდე მეშახტე პროტესტის ნიშნად მინდელისა და ძიძიგურის სახელობის შახტებში ჩავიდა და კუთვნილი ხელფასის მიღებამდე და იქამდე, სანამ არ ეტყვიან, როდის განახლდება ნახშირმოპოვების პროცესი, ამოსვლაზე უარს ამბობს, — იუწყება გაერთიანებული პროფკავშირები (GTUC).

კომპანია “საქნახშირი”, რომელიც ტყიბულის შახტებს მართავს, პასუხობს მეშახტეების მოთხოვნას, რომლებიც ხელფასებს ითხოვენ.

როგორც “საქნახშირი” აცხადებს, ტყიბულის მინდელისა და ძიძიგურის შახტებში ნახშირმოპოვებითი სამუშაოები 2018 წლის 16 ივლისის შემდეგ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეჩერებულია. ტყიბულის შახტებში ხორციელდება მხოლოდ უსაფრხოებიდან გამომდინარე სავენტილაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები.

“მიუხედვად ამისა, მოცემულობიდან გამომდინარე, კომპანია „საქნახშირისა“ და სახელმწიფოს თანადგომით, ამ 13 თვის განმავლობაში უწყვეტად ხდებოდა პერსონალისათვის ხელფასების გაცემა, სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურება, მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დაფარვა, რაც ყოველთვიურად 1.2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და თითქმის 20 მილიონ ლარამდეა მთლიანობაში.

ამ დროისათის კომპანია „საქნახშირი“ დადგა რეალური ფინანსური პრობლემების წინაშე, ინფორმაცია ცნობილი იყო ტყიბულში დასაქმებულებისათვისაც.

ამ დროისათვის კომპანია აქტიურ რეჟიშმი აწარმოებს კონსულტაციებს სახელმწიფოსთან ერთად, რათა ერთობლივად გამოინახოს გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან”, – აცხადებენ საქნახშირში.

მასალების გადაბეჭდვის წესი