ახალი ამბები

ღარიბაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გმობს, თუმცა პროვოკაციას უწოდებს

16 მარტი, 2015 •
ღარიბაშვილი ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გმობს, თუმცა პროვოკაციას უწოდებს

ღარიბაშვილის თქმით, დაპირისპირება ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში არის გამიზნული პროვოკაცია, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება – დაიძაბოს ვითარება ქვეყანაში:


”განსაკუთრებით შემაშფოთებელია და პროვოკაციულია ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლება და საზოგადოება ცდილობს საბოლოოდ დაძლიოს და თანდათან გამოვიდეს იმ მძიმე წარსულიდან, რომელმაც თავისი კვალი დაატყო თითოეულ ჩვენგანს.”

 

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე.

 

”დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა მომავლისკენ ვიყუროთ და ცივილიზებული სახელმწიფოს  მშენებლობაზე ვიზრუნოთ, ნებისმიერი ასეთი პროვოკაციული მოქმედება კი აფერხებს საზოგადოების განვითარებას და ქვეყნის წინსვლას,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

ზუგდიდში ორგანიზაცია თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის ოფისში დაპირისპირება გუშინ მოხდა. ორგანიზაციას ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ხელმძღვანლობს. ნადარეიშვილი ფეისბუკზე წერს, რომ ოფისს “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანები დაესხნენ თავს, რომელთა ნაწილი ხელკეტებით იყო შეიარაღებული.

 

ღარიბაშვილი მთავრობის გუნდის წევრებთან ერთად დღეს სამცხე-ჯავახეთში რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის განსახილველად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გუბერნატორებთან და ბიზნესმენებთან მართავს შეხვედრას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი