ევროპის ფონდისა და CRRC-ის კვლევით, მოსახლეობაში წლიდან წლამდე სტაბილურად იკლებს იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც რუსეთს ასახელებს სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოკავშირედ.
აღნიშნული კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი განწყობებსა და ინფორმაციულობის ხარისხს ამოწმებს სხვა საკითხებთან ერთად, 2009 წლის შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
კვლევის მიხედვით, 2009 წლის შემდეგ გაზრდილია მოსახლეობის წილი, ვინც ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი იმპერიის ახალი ფორმაა (17%-დან – 33%-მდე). თუმცა ჭარბობს მათი წილი, ვინც ამ მოსაზრებას არ ეთანხმება (40%). კვლევის ავტორების თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ამ დებულების შეფასება: ქართულენოვანი მოსახლეობის 26%-სა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 42%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე.
“ქართულენოვანი მოსახლეობა ევროკავშირს, ისევე როგორც აშშ-ს, ყველაზე ხშირად ასახელებს იმ გაერთიანებებად, რომლებთანაც საქართველოს უნდა ჰქონდეს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. პოლიტიკურ თანამშრომლობაზე თუ ვისაუბრებთ, როგორც 2017, ასევე 2019 წელს ევროკავშირი დაასახელა ქართულენოვანი მოსახლეობის 56%-მა, ხოლო აშშ – 58%-მა. ეს მაჩვენებლები შემცირებულია 2013 წელთან შედარებით – 6 წლის წინ ევროკავშირი ქართულენოვანი მოსახლეობის 69%-მა დაასახელა, ხოლო აშშ – 64%-მა.
ეკონომიკურ თანამშრომლობას რაც შეეხება, 2019 წელს ევროკავშირიცა და აშშ-ც ქართულენოვანი მოსახლეობის 50%-50%-მა დაასახელა. დასახელების სიხშირით მესამე ადგილზე რუსეთია (39%), თუმცა წლიდან წლამდე ქართულენოვანი მოსახლეობის მიერ რუსეთის დასახელების სიხშირე სტაბილურად იკლებს: 2013 წელს რუსეთი 65%-მა დაასახელა, 2015 წელს – 53%-მა, 2017 წელს – 48%-მა. განსხვავებული სურათია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემთხვევაში: მათი აზრით, საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან (57%), აზერბაიჯანთან (44%), თურქეთთან (35%), ევროკავშირთან (23%), აშშ-სა (16%) და სომხეთთან (14%). თუმცა თვალშისაცემია, რომ რუსეთის დასახელების სიხშირე ამ ჯგუფშიც მცირდება: 2013 წელს რუსეთი დაასახელა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 71%-მა”, – ნათქვამია კვლევაში.
კვლევის მიხედვით, პასუხების ზოგადი განაწილება კითხვაზე – „ყველაზე უკეთ ვის შეუძლია დღეს დაეხმაროს საქართველოს – ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა თუ რუსეთს?“ წინა წლების ანალოგიურია, ყველაზე ხშირად კვლავ ევროკავშირი სახელდება (35%). 2017 წლის შემდეგ არ შეცვლილა აშშ-ის დასახელების სიხშირე(23%). შემცირებულია რუსეთის დასახელების სიხშირე (2017 წელს რუსეთი საქართველოს მოსახლეობის 24%-მა დაასახელა, ხოლო 2019 წელს – 18%-მა).კვლავინდებურად განსხვავებულია ქართულენოვანი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პასუხები ამ კითხვაზე: 2019 წელს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა ქართულენოვან მოსახლეობასთან შედარებით3-ჯერ უფრო ხშირად დაასახელეს რუსეთი (შესაბამისად, 45% და 15%), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წელთან შედარებით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ რუსეთის დასახლების სიხშირე შემცირებულია (54% და45%).
მეთოდოლოგია
ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე. ავტორების თქმით, სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები(აზერბაიჯანელები და სომხები). შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.
ავტორების განცხადებით, თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები – ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.
2019 წელს 2,746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით. კვლევა CRRC-ის მიერ არის ჩატარებეული.