ახალი ამბები

ვანო ზარდიაშვილი ჩემი დიდი ხნის, კარგი მეგობარია – მიქაუტაძე

2 აგვისტო, 2019 • 1131
ვანო ზარდიაშვილი ჩემი დიდი ხნის, კარგი მეგობარია – მიქაუტაძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, ვანო ზარდიაშვილთან მეგობრობს და ამ მოცემულობის შეცვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებისას განაცხადა.

“მე არ გეუბნებით, რომ ვინმესთან მეგობრობა უნდა გაწყვიტოთ, მაგრამ იქნებ ეს მეგობრობა რაიმე ეჭვებს აჩენს, ამაზეც თუ დაფიქრდებოდით…” – მიმართა საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა, მიქაუტაძეს. მან მოსამართლეობის კანდიდატის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთან, ვაზო ზარდიაშვილთან, მეგობრობაზე მიანიშნა.

რეპლიკას მიქაუტაძემ ასე უპასუხა:

“…არ უარვყოფ, ვანო ზარდიაშვილი არის ჩემი ძალიან დიდი ხნის, კარგი მეგობარი და ვხვდები ხოლმე. თქვენ წარმოიდგინეთ, რესტორანშიც შევხვედრივართ. ეს ფაქტი როგორ უნდა შევცვალოთ? ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ სამსახურს თავი, ან მე და ვანომ უნდა დავანებოთ მეგობრობას თავი. თქვენ რომელს მთავაზობთ? არ ვაპირებ, ქალბატონო ნაზი, არც ერთს და არც მეორეს, იმიტომ, რომ მე ჩემი საქმიანობით ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ არანაირი საფუძველი არ მივცე არცერთ მოქალაქეს, არცერთ დაინტერესებულ პირს იმისთვის, რომ შესაძლოა, არასწორი გზით ვიყენებდე კონტრაქტებს”.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებებში ე.წ. გრძელი სიიდან შერჩეული 50 კანდიდატი მონაწილეობს. საბოლოოდ, საბჭომ პარლამენტს 20 კანდიდატისაგან შემდგარი სია უნდა წარუდგინოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი