ევროპის ფონდისა და CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 46% არ დაეთანხმა მოსაზრებას, რომ თითქოს ევროკავშირი საქართველოს ტრადიციებს საფრთხეს უქმნის, თუმცა, კვლევის ავტორების თქმით, საკმაოდ მაღალია მათი წილი, ვინც დაეთანხმა მას (42%).
კვლევის ავტორების განმარტებით, ცდომილების (+/- 2%) გათვალისწინებით, განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის უაღრესად მცირეა.
აღნიშნული კვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირისადმი განწყობებსა და ინფორმაციულობის ხარისხს ამოწმებს, 2009 წლის შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდება.
კვლევის ანგარიშის თანახმად, საქართველოში კვლავინდებურად ფართოდაა გავრცელებული დადებითი წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ. მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედისთვის ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას (27%), ან პოლიტიკურ გაერთიანებას (25%), 18%-სთვის ევროკავშირი, უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური გაერთიანებაა.ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები დაახლოებით ერთნაირი სიხშირით ასახელებენ პასუხის სამივე ვარიანტს (შესაბამისად, 13%, 18% და 15%), თუმცა თვალშისაცემია, რომ ამ სტრატის წარმომადგენელთა 42%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე.
2013 წელს საქართველოს მოსახლეობის მიერ ხშირად დასახელდა პასუხი – „საერთაშორისო ორგანიზაცია“ (35%), მაგრამ შემდგომ წლებში ამ პასუხის სიხშირე იკლებდა და 2019 წელს 27%-მდე დაეცა. კვლევის მიხედვით, ევროკავშირი უაღრესად იშვიათად აღიქმება, როგორც სამხედრო ბლოკი, კულტურული გაერთიანება, ან არასამთავრობო ორგანიზაცია.
კვლევის ანგარიშის მიხედვით, ხშირ შემთხვევაში შენარჩუნებულია განსხვავებები ქართულენოვანი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შეფასებებს შორის.
“ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია სპეციფიკური ასპექტების შეფასებისას.მაგალითად, თუ ქართულენოვანი მოსახლეობის 80% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ „ევროკავშირი მშვიდობისა და უსაფრთხოების წყაროა ევროპაში“, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლთა შესაბამისი წილი 44% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა 36%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა ამ კითხვაზე, მაშინ, როდესაც ქართულენოვანი მოსახლეობის მხოლოდ 8%-მა ვერ უპასუხა ამ კითხვას’ , – ნათქვამია ანგარიშში.
კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა ცალსახად ეთანხმება მოსაზრებებს, რომ ევროკავშირი დემოკრატიული გაერთიანებაა (72%), ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას მის ფარგლებს გარეთ არსებულ ქვეყნებში (71%) და აგრეთვე ხელს უწყობს მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას (66%). შესაბამისად, ავტორების თქმით, კვლავინდებურად სწორი იქნება თქმა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირი ასოცირდება მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და დემოკრატიასთან.
“ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მოსახლეობის შეფასებები იმასთან დაკავშირებით, უქმნის თუ არა ევროკავშირი საფრთხეს ქართულ ტრადიციებს. 2019 წელს საქართველოს მოსახლეობის 46% არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, თუმცა საკმაოდ მაღალია მათი წილი, ვინც დაეთანხმა მას (42%). ცდომილების გათვალისწინებით, განსხვავება ამ ორ ჯგუფს შორის უაღრესად მცირეა.
საინტერესოა, რომ საქართველოს მოსახლეობის წილი, ვინც არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირი საფრთხეს უქმნის ქართულ ტრადიციებს, ევროპის ფონდის გამოკითხვების შედეგების თანახმად, ფაქტობრივად უცვლელია 2009 წლის შემდეგ (45%-49%); ერთადერთ გამონაკლისს 2015 წელი წარმოადგენს, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 34% არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, თუმცა 2017 წელს შესაბამისი წილი 49%-მდე გაიზარდა. მეორე მხრივ, სწორედ 2015 წელს გაიზარდა მოსახლეობის წილი, ვინც დაეთანხმა ამ მოსაზრებას: 2015 წელს,საქართველოს მოსახლეობის 45%-ის აზრით, ევროკავშირი საფრთხეს უქმნიდა ქართულ ტრადიციებს, მათგან 19% სრულად ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. გამოკითხვის შემდეგ ტალღებში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა: 2017 წელს მოსახლეობის 41% დაეთანხმა ამ მოსაზრებას, ხოლო 2019 წელს – 42%”, – ნათქვამია კვლევაში”.
კვლევის ავტორების თქმით, ევროპის ფონდის გამოკითხვების შედეგების დინამიკის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის წარმოდგენები ევროკავშირის შესახებ კვლავინდებურად დადებითია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ევროკავშირი ასოცირდება მშვიდობასთან, უსაფრთხოებასა და დემოკრატიასთან.
“ქართულენოვანი მოსახლეობა ევროკავშირსა და აშშ-ს მოიაზრებს საქართველოსთვის ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორებად. ქართულენოვანი მოსახლეობისგან განსხვავებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველაზე სასურველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად რუსეთს მიიჩნევენ. თუმცა წინა წლებთან შედარებით რუსეთის დასახელების სიხშირე ამ ჯგუფშიც საგრძნობლად შემცირებულია”, – ნათქვამია კვლევის ანგარიშში.
მეთოდოლოგია
ევროპის ფონდის გამოკითხვის მეექვსე ტალღა ჩატარდა 2019 წლის პირველი მარტიდან 20 მარტამდე. ავტორების თქმით, სხვადასხვა ტალღის შედეგები მაქსიმალურად შედარებითი რომ იყოს, 2013 წლის შემდეგ ფაქტობრივად არ შეცვლილა კითხვარი და შერჩევის დიზაინი. გამოკითხვების შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს ზრდასრული მოსახლეობისთვის, ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის გარდა. ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის მასშტაბით წარმომადგენლობითობასთან ერთად, გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია აგრეთვე ოთხი ძირითადი სტრატის მოსახლეობისთვის: დედაქალაქის, სხვა ქალაქების, სოფლებისა და იმ დასახლებული პუნქტების, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები(აზერბაიჯანელები და სომხები). შედეგების საშუალო ცდომილება +/-2.0%-ია.
ავტორების განცხადებით, თითოეულ სტრატაში პირველადი შერჩევის წერტილები შეირჩა ალბათურად, დარეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობის პროპორციულად, შინამეურნეობები- სამარშრუტო შერჩევის მეთოდით, ხოლო რესპონდენტები – ამ შინამეურნეობებში კიშის ცხრილის საშუალებით.
2019 წელს 2,746 პირისპირ ინტერვიუ ჩატარდა პლანშეტური კომპიუტერების მეშვეობით (CAPI მეთოდი). გამოპასუხება საქართველოს მასშტაბით 49% იყო. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ პირველადი შერჩევის წერტილებში ინტერვიუების ენა შეიძლება ყოფილიყო ქართული, აზერბაიჯანული ან სომხური, რესპონდენტების არჩევანის მიხედვით. კვლევა CRRC-ის მიერ არის ჩატარებეული.