ახალი ამბები

შეუძლია თუ არა მოსამართლეს რუსეთის ოკუპაციაზე პოზიციის გამოხატვა – ალანიას პასუხი ბოკერიას

23 სექტემბერი, 2019 •
შეუძლია თუ არა მოსამართლეს რუსეთის ოკუპაციაზე პოზიციის გამოხატვა – ალანიას პასუხი ბოკერიას

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, “ევროპული საქართველოს” წევრი გიგა ბოკერია დაინტერესდა, დღესაც იზიარებს თუ არა თამარ ალანია მის მიერ წარსულში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ მოსამართლის მიერ ოკუპაციის შესახებ საჯარო პოზიციის დაფიქსირება შეისაძლოა ეთიკის მხრივ პრობლემური იყოს.

მანამდე ბოკერიამ ალანიას სთხოვა, აზრი დაეფიქსირებინა ბავშვთა პორნოგრაფიაზე, რაც ალანიას თქმით, მისთვის, როგორც დედისთვის, მძიმე დანაშაულია. დეპუტატი დაინტერესდა, რატომ არის პრობლემური მოსამართლისთვის პოზიციის დაფიქსირება ოკუპაციაზე, თუ იგივე პრობლემა არ აქვს ბავშვთა პორნოგრაფიაზე ან სერიულ მკვლელობაზე აზრის გამოხატვასთან დაკავშირებით.

“საზოგადოებაში და მათ შორის თქვენშიც თუ ასე იქნა აღქმული, არასწორია, მე ეს არ მითქვამს… რუსეთი ოკუპანტია, თქვა კანონმა. პორნოგრაფიაც არის დასჯადი. მაგრამ მოსამართლეს არ უნდა ჰქონდეს იმის დრო, რომ იდგეს და კოდექსის ყველა ნორმა წეროს სოციალურ ქსელში, რომ ქურდობა დანაშაულია და ასეთ შემადგენლობა აქვს…რუსეთი ოკუპანტია და ა.შ.”, – განაცხადა ალანიამ.

მისი თქმით, რუსეთი, რა თქმა უნდა, ოკუპანტია, მაგრამ მოსამართლის მხრიდან საჭირო არაა ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც კოდექსით და კანონით არის განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი