ახალი ამბები

უზბეკეთის პარლამენტმა ქორწილებში 200 ადამიანზე მეტის დაპატიჟება აკრძალა

22 სექტემბერი, 2019 • 1920
უზბეკეთის პარლამენტმა ქორწილებში 200 ადამიანზე მეტის დაპატიჟება აკრძალა

უზბეკეთში 2020 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სახის ცერემონიებსა და საოჯახო ღონისძიებებზე შეზღუდვები წესდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ 20 სექტემბერს მიიღო.

ეს შეზღუდვებია:

  • ქორწილებში იკრძალება 200 ადამიანზე მეტის დაპატიჟება, ხოლო ფლავით გამასპინძლების დღეზე – 250-ზე მეტის (აღნიშნული შეზღუდვა ეხება სხვადასხვა ტიპის საოჯახო დღესასწაულსაც);
  • თუ ორმაგი ქორწილია, მაშინ დასაპატიჟებელ ადამიანთა რაოდენობა მაქსიმუმ 250 შეიძლება იყოს, ფლავის გამასპინძლება კი მხოლოდ 300-მდე პირისთვის იქნება შესაძებელი;
  • არ შეიძლება ქორწილში 2-ზე მეტი მომღერლის, ან მუსიკალური ჯგუფის გამოსვლა და თითოეულ მონაწილესთან აუცილებელია კონტრაქტის გაფორმება;
  • საქორწილო კორტეჟში დასაშვებია მაქსიმუმ 3 მსუბუქი ავტომობილის მონაწილეობა;
  • მგზავრთა გადაწყვანა მსგავს საოჯახო ღონისძიებებზე დასაშვებია მხოლოდ ლიზენზირებული ავტოტრანსპორტით;
  • მკაცრად განისაზღვრა ქორწილის ხანგრძლივობა და ის დილის 6-დან მაქსიმუმ 23 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს;
  • ადამინათა დაპატიჟებასა და ავტოტრანსპორტზე შეზღუდვა არ ვრცელდება დაკრძალვის ცერემონიებზე, თუმცა ახალი კანონით გარდაცვლილი აუცილებლად 3 დღეში უნდა დაიკრძალოს.

უზბეკეთეში ბოლო წლებში ნორმად იქცა რამდენიმედღიანი ქორწილების გამართვა, ასევე ასობით ადამიანის დაპატიჟება, საქორწილო კორტეჟებში ათეულობით ავტომობილის მონაწილეობა და ა.შ .

ავტომობილების კოლონა უზბეკურ ქორწილში:

როგორც უზბეკეთის პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, “ბოლო წლებში ქორწილების, დაკრძალვებისა და სხვა საოჯახო ღონისძიებების გამართვამ მიიღო მკვეთრად არასახარბიელო ხასიათი, რაც გამოიხატება პატივმოყვარეობის გამოვლენით, ტრადიციების უპატივცემულობითა და შეურაცხყოფით, ასევე ადამიანები ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩინონ სხვებზე აღმატებულად, უგულვებელყოფენ სხვების სოციალურ სტატუსს.”

“ზოგი მოქალაქე მასშტაბურ საოჯახო ღონისძიებას გეგმავს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აიცილოს ნათესავებისა და მეზობლების კრიტიკა, ასევე უხეში რემარკები, ასევე ზეწოლა ზოგადად საზოგადოებისგან. ამასთანავე, მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მათ აიძულებს, აიღონ დიდი ოდენობით ვალები, რაც შედეგად იწვევს მძიმე კონფლიქტებს უახლოეს ნათესავებს შორის”, – ნათქვამია უზბეკეთი პარლამენტის ვებსაიტზე.

როგორც BBC წერს, ადამიანები უზბეკეთში ქორწილის ორგანიზებაში, საშუალოდ, 20 ათას აშშ დოლარს ხარჯავენ მაშინ, როცა საშუალო შემოსავალი 100-დან 300 დოლარამდე მერყეობს.

მსგავსი შეზღუდვები 2007 წლიდან მოქმედებს ტაჯიკეთში, ასევე ყირგიზეთის ზოგ რეგიონში.

მთავარ ფოტოზე: წყვილი უზბეკეთიდან/BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი