ახალი ამბები

აქციები უზბეკეთში: ყარაყალპაკეთის დემონსტრაციებს არბევენ, გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი

3 ივლისი, 2022 • 1584
აქციები უზბეკეთში: ყარაყალპაკეთის დემონსტრაციებს არბევენ, გამოცხადდა საგანგებო რეჟიმი

უზბეკეთში, ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკაში მეორე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. როგორც ადგილიდან გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, აქციებს ქვეყნის სპეცრაზმი არბევს.

ამასთანავე, ქვეყნის ხელისუფლება აქციებს „ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობას“ უწოდებს. ტერიტორიაზე უკვე შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც 2 აგვისტომდე გასტანს.

როგორც Radio Ozodlik („რადიო თავისუფლების“ უზბეკეთის ბიურო) წერს, ყარაყალპაკეთში პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც უზბეკეთის ხელისუფლებამ კონსტიტუციის შეცვლის კანონპროექტი გაასაჯაროვა. ამ ცვლილებების თანახმად, ყარაყალპაკეთს სუვერენული რესპუბლიკის სტატუსი უუქმდება – ამასთან ერთად, უქმდება მისი უფლება რეფერენდუმის საფუძველზე გამოეყოს უზბეკეთს. სწორედ ამას აპროტესტებენ დემონსტრანტები.

გამოცემის თანახმადვე, ამჟამად ყარაყალპაკეთს უზბეკეთის ტერიტორიის 40% უკავია და აქ, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

სოციალურ ქსელებში, ძირითადად, ქსელ ტელეგრამის მეშვეობით, ვრცელდება ვიდეოები, სადაც დემონსტრაციების დარბევებისას არაერთი დაჭრილი მოქალაქე ჩანს. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებზეც. მედია ასევე იტყობინება, რომ ადგილზე წყდება ინტერნეტ და სატელეფონო კავშირი.

საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან ერთად, დაწესდა სხვადასხვა შეზღუდვები, მათ შორის, ყარაყალპაკეთში შესვლა-შემოსვლასთან დაკავშირებით. ასევე იკრძალება მოქალაქეთა შეკრებები და იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობა.

ყარაყალპაკეთში ჩავიდა უზბეკეთის პრეზიდენტი შავკათ მირზიაევი. ის ადგილობრივ დეპუტატებთან შეხვდა და დედაქალაქში დაბრუნდა. Nexta წერს, რომ დაბრუნდებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, პრეზიდენტის თვითმფრინვი კვლავ გაფრინდა ქალაქ ნუკუსში – ყარაყალპაკეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი