7 ნოემბრის საქმეზე ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუზუსტდა. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს დღეს ე.წ. მატროსოვის ციხიდიან გამოსვლის შემდეგ განუცხადა:
“ამ შემთხვევაში ვანო მერაბიშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდება დარჩა, რაც იყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ანუ უფლებამოსილების გადამეტება. უბრალოდ, მასთან მიმართებაში ბრალის ფორმულირება დაზუსტდა”.
ადვოკატის ინფორმაციით, როგორც მისთვის ცნობილია, ბრალის დამძიმება ხდება გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის მიმართაც.
“ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით დაზუსტდა გარკვეული სიტყვები. რაც შეეხება თავად ბრალდების მუხლს, ის არ შეცვლილა და დარჩა სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტი.”
რაც შეეხება ბრალდების ეპიზოდებს, გოგიტა გაბაიძის თქმით, ეს ეხება 2006-2007 წლებს, ტელეკომპანია “იმედს”, ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებულ დეტალებს.
2014 წლის ივლისში მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია იმედში შეჭრის და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდების ბრალდებით ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა, მასთან ერთად ბრალი წარედგინათ შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავას.







