პროკურატურამ სახალხო დამცველს გენერალური პროკურატურის მიუკერძოებლობის ხელყოფაში, დისკრედიტაციასა და „კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაში“ დასდო ბრალი მას შემდეგ, რაც ნინო ლომჯარიამ უწყება გააკრიტიკა.
პროკურატურა აცხადებს, რომ მათი უწყება „მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს, კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა“. უწყების თანახმადვე, „სახალხო დამცველს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, პროკურატურაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს“.
„ასევე, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი პროკურატურაში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად. სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ ხშირად გამოირჩევა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული მოწოდებებით, რაც კანონით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას სცილდება“, — წერია პროკურატურის მიერ 19 სექტემბერს, საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.
რამდენიმე საათით ადრე სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ყოველწლიური ანგარიშის განხილვისას პარლამენტს მოუწოდა, განიხილონ „საქართველოს პროკურატურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში, შეაფასონ სიცოცხლის უფლების გამოძიების კუთხით არსებული მდგომარეობა და შესაბამისი რეკომენდაციები მისცენ პროკურატურას“. სახალხო დამცველის თანახმად, დღეს პროკურატურას სჭირდება „ეფექტური საგამოძიებო პროცესი, მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“.
„ამასთან, გამოძიების ხშირი გაჭიანურების ფონზე, აუცილებლად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავაჟღერო ამ დარბაზში ინიციატივა, რომ გაიზარდოს ჩვენი მანდატი და არა მხოლოდ დასრულებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გვქონდეს წვდომა, არამედ, მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებითაც, სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიების მიმდინარეობის ეფექტიანობის შესაფასებლად და დასადგენად“, — საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანახმად, ასე მიმართა პარლამენტს ლომჯარიამ.
პროკურატურამ პასუხად განაცხადა: „საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან სახალხო დამცველის მიერ გენერალური პროკურორის ვალდებულებათა განსაზღვრა, ამ უკანასკნელმა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარადგინოს ანგარიში, ხელყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიუკერძოებლობას და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას, რადგან საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის წესი და ანგარიშის შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით“.
„სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა, რაც მნიშვნელოვნად სცდება მის უფლებამოსილებას“, — წერს პროკურატურა.