ახალი ამბები

სამინისტრო რამზან ახიადოვზე ინფორმაციას არ გვაწვდის – HRC

6 დეკემბერი, 2019 • 942
სამინისტრო რამზან ახიადოვზე ინფორმაციას არ გვაწვდის – HRC

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC) აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო/იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მათ არ აწვდის გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის პატიმრობის მდგომარეობაზე.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიაწოდოს ორგანიზაციას და საზოგადოებას საჯარო ინფორმაცია 2019 წლის 19 სექტემბერს რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირებული პატიმრის, რამზან ახიადოვის საპატიმრო პირობების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის წარმოდგენილი ე.წ. გარანტიების შესრულების მონიტორინგის დამადასტურებელი დოკუმენტაცია“, – წერია ორგანიზაციის მიერ 6 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის მოქალაქე, ჩეჩნეთში მცხოვრები რამზან ახიადოვი 2016 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საქართველოში. ის რამდენიმე თვის წინ დააკავეს და საბოლოოდ რუსეთს გადასცეს.

როგორც ორგანიზაცია წერს, ახიადოვის დაკავებისა და რუსეთისთვის გადაცემის საფუძველს წარმოადგენდა რუსეთის „ფედერაციის მიერ მასზე გამოცხადებული ძებნა, როგორც „ისლამურ სახლემწიფოსთან“ კავშირში მყოფ პირზე“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, არ გადაეცათ რამზან ახიადოვი რუსეთის ფედერაციისთვის, ვინაიდან მას როგორც ეთნიკურ ჩეჩენს, რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში ემუქრებოდა წამების და არაადამიანური მოპყრობის რეალური საფრთხე. მიუხედავად პროტესტისა, საქართველოს ხელისუფლებამ 2019 წლის 19 სექტემბერს ახიადოვი რუსეთის ფედერაციას გადასცა“, – წერია განცხადებაში.

HRC-ი ასევე იხსენებს ახიადოვის ექსტრადიციის წინ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველომ რუსეთისგან მიიღო წერილობითი გარანტიები, რომ „ეს პირი იქნება მოთავსებული ადამიანურ პირობებში საპატიმროში და მას არ დაემუქრება ის პრობლემა, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს ჩვენი ან ევროპული კონვენციის რომელიმე მუხლით…“

„არავითარი ეჭვი, როგორც ამას ამბობს დღევანდელი სტრასბურგის სტანდარტი, არ არსებობს, რომ ასეთ გარანტიებში, რომელიც გენერალური პროკურატურიდან მომდინარეობს, ეჭვი იქნას შეტანილი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გარანტიების შესრულების მონიტორინგს რუსეთის ფედერაციის მხრიდან და გავაგრძელებთ ტერორიზმთან ბრძოლას ჩვენს კოლეგა უწყებებთან ერთად…“

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ მათ 2019 წლის 8 ოქტომბერს მიმართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია, განახორციელა თუ არა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მინისტრის მიერ დაპირებული მონიტორინგი და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები რამზან ახიადოვის მიმართ.

„ვინაიდან მინისტრმა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ გასცა 10 დღეში, როგორც ამას ითვალისწინებს კანონი, 2019 წლის 22 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა განმეორებით მიმართა მას, მოეწოდებინა შემდეგი სახის საჯარო ინფორმაცია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციიდან გამოითხოვა თუ არა, რა პირობებში იმყოფება დღეისათვის რამზან ახიადოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის საპატიმროში და რამდენად სრულდება რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული სამართლებრივი გარანტიები. მინისტრმა ამჯერადაც დაარღვია საჯარო ინფორმაციის მოწოდების 10-დღიანი ვადა“, – წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა; ამასთან, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის – ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.

ამ შემთხვევაში კი HRC-ი წერს, რომ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მინისტრს კი არცერთ გაგზავნილ წერილზე პასუხი არ გაუცია, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლები“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დროულად გასცეს მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია დაპირებული მონიტორინგის შედეგების შესახებ“, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი