NDI-ის კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის მოსახლეობა ყველაზე დადებითად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიის საქმიანობას აფასებს.
კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 64%, საშუალოდ – 20%, ცუდად – 5%.
მეორე ადგილზეა იუსტიციის სახლები, რომლის საქმიანობასაც დადებითად აფასებს 57%, საშუალოდ – 25%, ხოლო უარყოფითად – 8%.
შემდეგ მოდის ჯარი 53%-იანი დადებითი შეფასების მაჩვენებლით. ამასთან, ჯარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს გამოკითხულთა 28% და უარყოფითად – 8%.
რაც შეეხება საქართველოს პოლიციას, მის საქმიანობას კარგად აფასებს მოსახლეობის 42%, საშუალოდ – 37%, უარყოფითად – 14%.
ინსტიტუტებს შორის ყველაზე ცუდი შეფასების მაჩვენებელი საქართველოს პარლამენტს აქვს. საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად მხოლოდ გამოკითხულთა 8% აფასებს, საშუალოდ – 39%, ხოლო უარყოფითად – 42%.
ასევე, უარყოდითი რეიტინგი აქვს თბილისის საკრებულოს (დადებითად – 9%, უარყოფითად – 28%) და საერთო სასამართლოებს (დადებითად -10%, უარყოფითად – 28%).
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-29 ივლისს ჩატარდა. გამოიკითხა 2 131 რესპოდენტი. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,7%-ია. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით, CRRC-საქართველოს მიერ. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.