ახალი ამბები

4468 მიმართვიდან ზურაბიშვილმა 91 პირი შეიწყალა – EMC

18 სექტემბერი, 2019 • 1509
4468 მიმართვიდან ზურაბიშვილმა 91 პირი შეიწყალა – EMC

ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის (EMC) ცენტრის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა გასული 9 თვის განმავლობაში 4468 მიმართვიდან 91 პირი შეიწყალა. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღეს.

ორგანიზაცია წერს, რომ შეწყალებულ პირებს შორის – 60 პირი მსჯავრდებული იყო ქურდობისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის,თაღლითობისთვის ან/და მითვისებისთვის; 4- საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის; 3- მკვლელობისთვის; 8- ნარკოტიკული დანაშაულისთვის; 4- ტრანსპორტირების მოძრაობის უსაფრთხოების დანაშაულისთვის; 3- ქრთამის აღება-მიცემისთვის და 9 პირი- სხვა სახის დანაშაულისთვის.

გარდა სტატისტიკის გასაჯაროებისა, EMC ასევე ეხმაურება ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადების გადაწყვეტილებასაც. ორგანიზაცია ამბობს, რომ სრულად იზიარებს საზოგადოების კრიტიკას პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში, კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით.

“ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია, შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა. პრეზიდენტის მიერ შეწყალების დისკრეციული უფლებამოსილების ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გამოყენების შემდგომ, საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის ხშირად არის შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი