საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს, რატომ ვერ მოახერხა ამერიკულმა სამხედრო გემმა გეგმისამებრ ფოთის პორტში შემოსვლა.
სააგენტო ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა წყაროდან შეაგროვა ინფორმაცია.
“ფოთის ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომზე 16 სექტემბერს, დილის საათებში, დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გემის “UMA” დაყენება, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ფოთის პორტში მყოფი საკონტეინერო გემის სატვირთო ოპერაციების დამთავრება და გასვლა შეყოვნდა და, შესაბამისად, შეფერხდა ამერიკული გემის შემოსვლაც. ფოთის ნავსადგურისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, პორტს გარეთ მიმდინარე სატვირთო ოპერაციებში მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, რაც ნორმალური პროცესია, საკონტეინერო გემის დატვირთვა ვერ დასრულდა დაგეგმილ დროში. ამერიკულ გემს, რომლის შემოსვლის მიზანიც იყო კომერციული ხასიათის, დროულად ეცნობა შექმნილი გარემოების დეტალები და გაფრთხილებულ იქნა, რომ ნავსადგურში შესვლის დრო გადაიწევდა. აღსანიშნავია, რომ ყველა შესაბამისი ნებართვა სახელმწიფო უწყებებისაგან გაცემული იყო”, – ნათქვამია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ “ნეტგაზეთისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ფოთის პორტს, მომხდართან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აშშ-ის საელჩოს ინფორმაციას ეთანხმებიან.
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი “USNS Yuma T-EPF-8” 14 სექტემბერს ფოთის პორტში ვერ შევიდა, ვინაიდან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნავმისადგომი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული.
ამ თემაზე: