ახალი ამბებირეკლამა

„ევრონიუსმა“ და „სილქნეტმა“ „ევრონიუს საქართველო“ დააფუძნეს

18 სექტემბერი, 2019 • 1368
„ევრონიუსმა“ და „სილქნეტმა“ „ევრონიუს საქართველო“ დააფუძნეს

დღეს ევროპის წამყვანმა საერთაშორისო არხმა „ევრონიუსმა“ და მისმა პარტნიორმა „სილქნეტმა“ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას „ევრონიუს საქართველოს“ დაფუძნების თაობაზე. დღესვე „ევრონიუს საქართველოს“ სტრატეგიულ მედია-კონსულტანტად წარდგენილ იქნა ლუსიან სარბი, წარსულში ევრონიუსის სარედაქციო დირექტორი, რომელიც ადგილობრივ გუნდს სატელევიზიო არხის გამართვაში დაეხმარება.

საქართველო მესამე ქვეყანაა, ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ, სადაც ევრონიუსი თავის წარმომადგენლობას ფრანშიზის ფორმით აფუძნებს.

ხელშეკრულების პირობების თანახმად, „ევრონიუს საქართველო“ ისარგებლებს ევრონიუსის ბრენდის ცნობადობით და რეპუტაციით, დაუკავშირებს რა თავის ახალ არხს დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაში საყოველთაოდ ცნობილ სახელს. ევრონიუსი მიაწვდის „ევრონიუს საქართველოს“ ევროპული რედაქციის მიერ შექმნილ კონტენტს, რომლის ტრანსლირებაც მოხდება ადგილობრივი, ქართული, მედია-კონტენტის პარალელურად. სანაცვლოდ, ევრონიუსი გამოიყენებს თავისი ქართული ფრენჩაიზინგის მიერ დამზადებულ კონტენტს.

მაიკლ პიტერსი, ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, მივაღწიეთ საბოლოო შეთანხმებას ევრონიუს საქართველოს დაარსების შესახებ. ჩვენ მზად ვართ დახმარება გავუწიოთ ჩვენს პარტნიორ სილქნეტს, ახალი სატელევიზიო არხის შექმნაში,  რომელიც გააშუქებს არამარტო საერთაშორისო, არამედ ადგილობრივ ახალ ამბებს. ევრონიუს საქართველო იქნება დამოუკიდებელი არხი, რომელიც წარუდგენს მაყურებელს მიუკერძოებელ ინფორმაციას და გააშუქებს ყველა ხედვას, ევრონიუსის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად. სილქნეტის სახით ევრონიუსმა შეიძინა საიმედო პარტნიორი, რომელიც  სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ევრონიუსის რეპუტაციის დაცვას და გამყარებას“.

გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: „Euronews Georgia-ს დაფუძნებით საქართველოს მედია-ბაზარზე მაღალი მედია-სტანდარტების ქართულენოვანი ევროპული არხი შემოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ევრონიუსის მაღალპროფესიული გუნდის  ხელმძღვანელობით, ბატონ ლუსიან სარბთან და ჩვენს ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად, ჩვენ შევქმნით მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ მედიასივრცეს. სატელევიზიო სტუდიების მომზადება მიმდინარეობს და მალევე დაიწყება კადრების აყვანის პროცესი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ისევე, როგორც სარედაქციო პოლიტიკა, საკადრო პოლიტიკაც სრულ შესაბამისობაში იქნება ევრონიუსის სტანდარტებთან. ევრონიუსის დახმარებით უზრუნველვყოფთ დაქირავებული პერსონალის საფუძვლიან ტრენინგს. Euronews Georgia მაუწყებლობას მომდევნო წლის შემოდგომაზე დაიწყებს. მე მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ხოლო სილქნეტისთვის კი შემდეგი საფეხურია, საქართველოს მომხმარებელს შესთავაზოს მეტი შესაძლებლობები-გლობალური მასშტაბის მქონე ადგილობრივი არხი“.

ახალი არხისთვის თანამშრომლების შერჩევა უახლოეს მომავალში დაიწყება. სულ დასაქმდება დაახლოებით 50 ადამიანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი