ახალი ამბები

ხელისუფლების დუმილი სრულიად მიუღებელია და კითხვებს აჩენს – ხიდაშელი აშშ-ის გემზე

18 სექტემბერი, 2019 • 1411
ხელისუფლების დუმილი სრულიად მიუღებელია და კითხვებს აჩენს – ხიდაშელი აშშ-ის გემზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, ხელისუფლების დუმილი ამერიკული სამხედრო გემის ფოთის პორტში ვერმიღებასთან დაკავშირებით უფრო ამძაფრებს ეჭვს, რომ საქმე ტექნიკურ პრობლემასთან არ გვაქვს.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდი “USNS Yuma T-EPF-8” 14 სექტემბერს ფოთის პორტში ვერ შევიდა, ვინაიდან აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ნავმისადგომი კომერციულ გემს ჰქონდა დაკავებული. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს საზღვრის დაცვის სამსახურში ამ საკითხს ფოთის პორტის კომპეტენციად განიხილავენ და კომენტარისგან თავს იკავებენ. განმარტებას არც ფოთის პორტში აკეთებენ და მხოლოდ იმას ამბობენ, რომ აშშ-ის საელჩოს ინფორმაციას ეთანხმებიან.

თინა ხიდაშელის თქმით, ფოთის პორტი ამ შემთხვევაში მხოლოდ მომსახურე ობიექტია და ამერიკული სამხედრო გემის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე პასუხისმგებელი აღმასრულებელი ხელისუფლებაა.

“ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით და მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც ამ სისტემასთან შეხება მქონდა პირველი პირის დონეზე, ძალიან კარგად ვიცი, რომ ინფორმაცია სამხედრო გემის შემოსვლის შესახებ 5 წუთით ადრე არ ხდება ცნობილი. კარგა ხნით ადრე იცის ქვეყნის ხელისუფლებამ. შესაბამისად, ხდება ამ პროცესის ლოჯისტიკურად დაგეგმვა. ზუსტად ამიტომ არის მნიშვნელოვანი ხელისუფლების პასუხები კითხვებზე – რა მოხდა? რამ გამოიწვია ტექნიკური პრობლემა? რა რეაგირება მოახდინეს ამაზე? იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდეს, რა ღონისძიებები გაატარეს? შეიცვალა თუ არა რომელიმე პროტოკოლი, რომელმაც ასეთი რამე შესაძლებელი გახადა? დუმილი სრულიად მიუღებელია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ხიდაშელმა.

თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ შეცდომა მომხდარიყო და ამერიკული გემი ფოთის პორტმა ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მიიღო.

“კარგია თუ ასეა, თუმცა ხელისუფლების დუმილი ქმნის კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას და აჩენს მაღალ მოლოდინს იმისა, რომ სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე და არა ტექნიკურ პრობლემასთან. არის კითხვები, რომელსაც პასუხი სჭირდება. ჩვენ გავიგეთ, რომ თურმე კომერციული გემი იდგა და ამიტომ ვერ შემოვიდა სამხედრო გემი. ხვალ, ზეგ, მაზეგ შავი ზღვის უსაფრთხოების მოქმედებების ფარგლებში რომ იგივე განმეორდეს, ვინ აგებს პასუხს? რა ღონისძიებები გაატარეს იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე პრობლემის წინაშე არ აღმოვჩნდეთ? იმიტომ, რომ სანამ ანაკლიის პორტი არ არსებობს, ფოთი წარმოადგენს იმ წერტილს საქართველოთვის, რომელიც მთავარი მიმართულების მიმცემია შავი ზღვის უსაფრთხოებაში ჩვენი როლის და ადგილისთვის. ამიტომ არის ძალიან საეჭვო, რომ სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე და არა ტექნიკურ პრობლემასთან”, – განაცხადა ხიდაშელმა.

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდი “USNS Yuma T-EPF-8” შავ ზღვაში მიმდინარე წლის სექტემბერში შემოვიდა. ის ფოთის პორტმა ვერ მიიღო და უკან გაბრუნდა.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე:

რატომ ვერ მიიღო ფოთის პორტმა ამერიკული სამხედრო გემი

მასალების გადაბეჭდვის წესი