ახალი ამბები

სახარების რწმენის ეკლესიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

11 მარტი, 2015 • 2349
სახარების რწმენის ეკლესიამ სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

 

სახარების რწმების ეკლესიის უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ იცავს.    

 

„ეს არის გამწესრიგებელი სხდომა, რომელმაც სარჩელის დასაშვებობა უნდა შეაფასოს. თუმცა სასამართლოს მხრიდან არსებით განხილვასთან დაკავშირებული შეკითხვებიც უნდა იყოს. ეს არის პირველი სხდომა. სახარების რწმენის ეკლესია დავობს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ რელიგიური ორგანიზაციების მიმართ ზიანის ანაზღაურების მოდელზე და იმ დადგენილებაზე, რომელიც ამას არეგულირებს“, – აცხადებს იურისტი თამთა მიქელაძე.

 

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს მიერ მიღებული დადგენილება დისკრიმინაციულია:

„სახელმწიფომ ამ დადგენილებით მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაცია მოიცვა და სხვა რელიგიური ჯგუფები, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ასევე მიადგათ ზიანი, უგულებელჰყო.  მეორე მხრივ, იმ პირობებში, როცა სახელმწიფოს არ გააჩნია კანონით განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ როგორ უნდა მოხდეს ზიანის დაანგარიშება, ეს სახელმწიფოს თვითნებობის უფლებას აძლევს, რაც ეკლესიების ავტონომიაში ჩარევის და მათი კონტროლის რისკია.“


იურისტის შეფასებით, აღნიშნული კრიტერიუმის არარსებობის გამო, სახარების რწმენის ეკლესია ასევე დავობს, საკუთრების უფლებისა და ზიანის ანაზღაურების პრინციპებთან დაკავშირებითაც.

 

„ჩვენი ორი მთავარი არგუმენტი არის არსებული ზიანის ანაზღაურების მოდელის დისკრიმინაციულობა და მისი არაშესაბამისობა სეკულარიზმის პრინციპთან“.

 

სარჩელი პროტესტანტული მიმართულების ეკლესიებიდან მხოლოდ სახარების რწმენის ეკლესიამ შეიტანა სასამართლოში. თუმცა, როგორც თამთა მიქელაძე ამბობს, მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესია, ლუთერანული ეკლესია და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიებიც  ამ დისკრიმინაციული ნორმის ადრესატები არიან.

 

„სარჩელის სულისკვეთებას  ეს ეკლესიებიც უერთდებიან, თუმცა ისინი მოსარჩელეები არ არიან. სახარების რწმენის ეკლესიას საბჭოთა პერიოდის საკუთარი ისტორია ძალიან კარგად ჰქონდა დამუშავებული, ამიტომ გაადვილდა ამ მასალების თავმოყრა და მტკიცება, რომ მათ მიადგათ ზიანი“, – აცხადებს იურისტი.   მისი შეფასებით, ეკლესიისთვის მნიშვნელოვანია  არა ფინანსური კომპენსაცია, არამედ სახელმწიფოს პოზიცია:  „ის, რომ სახელმწიფომ არ აღიარა ის დევნა და ის ისტორია, რაც ამ ეკლესიას გადახდა და, ზოგადად, გამოავლინა დისკრიმინაციული მიდგომა  ე.წ. არატრადიციული ეკლესიების მიმართ“.    


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი