ახალი ამბები

ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა – ადვოკატი

17 სექტემბერი, 2019 •
ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული პრეზიდენტმა შეიწყალა – ადვოკატი

დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს ბეჟანიძის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

ჩომახაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პრეზიდენტმა დაალოებით 2 კვირის წინ შეიწყალა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, ადვოკატმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უდანაშაულოდ ცნეს, იგივე პოზიცია გაიზიარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის მხოლოდ ერთმა წევრმა. თუმცა, საბოლოოდ, კოლეგიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, უზენაესმა სასამართომ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ნეტგაზეთი ასევე ცდილობს დაუკავშირდეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურს, სადაც ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.

დავით ოთხმეზური თბილისში 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს. ამ საქმეზე გამოძიება 2004 წელსვე დაიწყო, თუმცა 12 წელს გასტანა. 20016 წელს კი პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც თქვა, რომ მკვლელობის საქმე გახსნა. ამ განცხადებაში ვკითხულობთ:

“ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მოძიებული და დაკითხული იქნენ მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 12 წლის წინ ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გარემოებები.

კერძოდ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით წარმოიშვა კონფლიქტი, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში, და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა,”- აცხადებს პროკურატურა.

ასლან ბეჟანიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით წარედგინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი