საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი შეწყალების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. ის ასე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა მოქალაქე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.
“აუცილებელია, გარკვეულწილად დარეგულირდეს ეს თემა. ამ ასპარეზზე არ შეიძლება, ამ ადამიანმა პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა იმოქმედოს თვითშემოქმედებით.
წარმომიდგენია შეწყალება ადამიანისა, რომელიც მუხლებზეა დაცემული, შეწყალებას ითხოვს, ყველაფერი მონანიებული აქვს. ამას გარდა, ის მხარე, რომელიც მისგან არის დაშავებული, წინააღმდეგი არ არის, რომ შეწყალება მოხდეს.
მე ვფიქრობ, რომ სანამ ამ სფეროში არ დარეგულირდება და ეს მალე უნდა მოხდეს, გარკვეული პრინციპები არ ჩამოყალიბდება. შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისაგან დაზღვეული არავინაა და ეს, ვფიქრობ, არასწორი გადაწყვეტილებაა”, – განაცხადა ვოლსკიმ.