ახალი ამბები

წულუკიანი: საქართველოს და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა

10 მარტი, 2015 • • 1268
წულუკიანი: საქართველოს და ირანს შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა

დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2013 წლის 1 სექტემბრის შემდგომ ირანის მოქალაქეებზე გაცემულ ბინადრობის მოწმობებზე, სამუშაო და სასწავლო ვიზებზე ისაუბრეს და სამომავლო ურთიერთობის საკითხები განიხილეს.


იუსტიციის მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბრის ძირითადი თემა საელჩოს გუშინდელი განცხადება არ ყოფილა:

 

„დღეს შეხვედრაზე მე მოვიწვიე ბატონი ირანის ელჩი. ჩემი ინტერესის საგანი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ირანის საელჩოს გუშინდელი განცხადება; ამაზე, ალბათ, თავად საელჩო ისაუბრებს. შეხვედრაზე აღინიშნა მხოლოდ ის, რომ ორიგინალში განცხადება განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე ქართულად. ჩვენი ინტერესის მთავარი საგანი დღეს იყო ის ორასამდე შრომითი ბინადრობა, რომლებიც გაიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ ირანის მოქალაქეებზე  1 სექტემბრიდან, 40-მდე სტუდენტზე; 61 ოჯახი გაერთიანდა და 2600-ზე მეტი ვიზა გასცა 1 სექტემბრიდან ირანის მოქალაქეებზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ეს მუშაობა გაგრძელდება, რადგან ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა დგას ყველაფერზე მაღლა“.


2015 წლის 9 მარტს საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” საქართველოში ირანის საელჩომ განცხადება გაავრცელა. სააგენტოს ცნობით, განცხადებაში აღნიშნულია, რომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადება “არაკვალიფიციური და გაუაზრებელია”.


 

თეა წულუკიანმა 18 თებერვალს “ქრონიკის” ეთერით განაცხადა, რომ სავიზო პოლიტიკის გამკაცრება იყო მასშტაბური რეფორმა და არც ერთი მასშტაბური რეფორმა არ არის უხარვეზო ან უმტკივნეულო ყველასთვის.

 

 

 

“ამ სფეროში 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საიმიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების… შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრიუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას… მერე უკვე ჩვენ შეგვიძლია დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა, ტურისტია ან, რაც მთავარია, ინვესტორია”.  – განაცხადა წულუკიანმა.

 

 

 

წულუკიანის აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმა ქსენოფობიურად შეაფასეს. მათ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრის განცხადებები დასახელებული ეთნიკური და რასობრივი იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციულია.


მასალების გადაბეჭდვის წესი