ახალი ამბები

ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს – გახარია

16 სექტემბერი, 2019 • 1402
ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს ბევრ საოცარ რამეს ამბობს – გახარია

“ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ბატონი ხაზარაძე ამ ბოლო დროს”, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მამუკა ხაზარაძის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ანაკლიის პროექტის ინვესტორებს პროექტის შეჩერების თხოვნით მიმართეს.

“მოიტანოს, გვანახოს ეს ოქმი. საერთოდ, არ არის კარგი, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობის და სპეკულირების საკითხი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ანაკლია არ ეკუთვნის არცერთ ფიზიკურ პირს, ღრმაწყლოვანი პორტი, როგორც პროექტი, ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას. შესაბამისად, ყველა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს”, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელებას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორი.

“სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას სჭირდება პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები, რომლებიც სამწუხაროდ, არ გვყავს. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პრობლემა. რაც შეეხება ვიღაცის ინტერესებს, ბოლო ქმედებებით, რომლებიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, როცა არცერთი სერიოზული უცხოელი, ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკელი პარტნიორი არ დარჩა კონსორციუმში და კიდევ ვიღაცას რაღაცას ინტერესებს აბრალებენ, ეს არასერიოზულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პოტენციურ ორ მსხვილ ინვესტორს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. მისივე თქმით, მათ შორის ერთ-ერთი მაია ცქიტიშვილია, რომელმაც ინგლისურ ფონდს უთხრა, რომ მათ “ასეთი ინვესტორი არ სჭირდებათ“

ამავე თემაზე:

მსხვილ ინვესტორს ცქიტიშვილმა უთხრა, რომ ასეთი ინვესტორი მათ არ სჭირდებათ – ხაზარაძე ანაკლიაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი