მსხვილ ინვესტორს ცქიტიშვილმა უთხრა, რომ ასეთი ინვესტორი მათ არ სჭირდებათ – ხაზარაძე ანაკლიაზე

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტის პოტენციურ ორ მსხვილ ინვესტორს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. მისივე თქმით, მათ შორის ერთ-ერთი მაია ცქიტიშვილია, რომელმაც ინგლისურ ფონდს უთხრა, რომ მათ “ასეთი ინვესტორი არ სჭირდებათ“.

“მინდა გითხრათ, რომ ფორმალურად ჩვენ 15 ოქტომბრამდე გვაქვს ე.წ. დედლაინი, ვადა, როდესაც ჩვენ ბოლო საბუთი, ინვესტორის საბუთი უნდა წარვადგინოთ. აქვე მინდა მთელი პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ორი ინვესტორი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრებით – ერთი ინგლისური უზარმაზარი ფონდია და მეორე ამერიკული …. ამერიკული ფონდი ორჯერ იქნა გაჩერებული ერთ-ერთი ჩნოვნიკის… უბრალოდ არ ვიცი, ვინ თორემ ნამდვილად ვიტყოდი, არ გაგვიმხილეს ამერიკელებმა.

და გვთხრეს, რომ მათ მიიღეს ორჯერ გაფრთხილება( ერთხელ პომპეოს, სახელმწიფო მდივნის გამოსვლამდე ეთერში),რომ მათ ჩვენთან ინვესტიცია შეეჩერებინათ. ეს არის უზარმაზარაი 40 მლრდ-იანი ფონდი. შემდგომ სახელმწიფო მდივნის, პომპეოს განცხადების შემდეგ მეორე დღეს ზუსტად, როცა ბახტაძე იმყოფებოდა აშშ-ში, გვიკავშირდება იგივე კომპანია და გვეუბნება, რომ ჩვენ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მწვანე შუქია, აინთო და გაგრძელდა ეს პროცესი.

აგვისტოში ველოდებით უკვე საბოლოო დოკუმენტს, დაამთავრეს შიდა აუდიტი, ყველფერი თითქმის მოვილაპარაკეთ, ველოდებით დოკუმენტს და ისევ არის ნიშანი, რომ… ვიღებთ ანალოგიურ პასუხის. უთხრეს, ინვესტორს, რომ გაჩერდი [Hold On],“ – ამბობს მამუკა ხაზარაძე და განმარტავს რომ ამ კონკრეტული ინვესტორისგან საბოლოო პასუხს ჯერ კიდევ ელოდება.

მამუკა ხაზარაძე ასევე აცხადებს, რომ მას აქვს ეჭვები, თუ ვინ შეიძლება იყოს ეს ჩინოვნიკი, თუმცა, სახელს არ დაასახელებს.

“თქვენ იცით, რომ მე კომპანიას ახლა აქ არ წარმოვადგენ, მე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ არც მე და არც ბადრის [ჯაფარიძეს], ჩვენს კომპანიაში ოფიციალური პოზიციები არ გვიკავია, დავშორდით. ჩვენი აქციები გადაცემულია ტრასტში [სატრასტო ფონდში], ახლა მიმდინარეობს დოკუმენტების გაფორმება, ამიტომ თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო პროექტზე მიუხედავად იმისა რომ ამ პორექტში ჩვენივე უზარმაზარი ინვესტიცია გვაქვს ჩადებული,“ – დასძენს ხაზარაძე.

რაც შეეხება მეორე, ინგლისურ ინვესტორს – “მერიდიანს“, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მის წარმომადგენლებს უშუალოდ ცქიტიშვილმა უთხრა უარი

“მეორე კომპანია, რომელიც იყო ჩამოსული და გუშინ წინ შეხვდნენ ვიცე-პრემიერს ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, რაც მე გადმომცეს და ამის ოქმიც არსებობს – სადაც ცქიტიშვილმა დააფიქსიდა ასეთი სიტყვები, რომ “ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება“. არ ვიცი მეც, რას ნიშნავს ეს.

ინგლისური კომპანიაა, უზარმაზარი ფინანსური კომპანია, რამდენიმე მილიარდი, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის “მერიდიანი“ დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც არის საინვესტიციო ფონდი,“ – განმარტავს ხაზარაძე “მთავარი აქცენტების“ ეთერში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან