ახალი ამბები

სამინისტროში ბრიტანულ “მერიდიანთან” ანაკლიაზე მოლაპარაკებას ადასტურებენ, უარს – არა

16 სექტემბერი, 2019 • 1683
სამინისტროში ბრიტანულ “მერიდიანთან” ანაკლიაზე მოლაპარაკებას ადასტურებენ, უარს – არა

“რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში” ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” სახელმწიფოს ახალი ინვესტორი წარუდგინა.

სამინისტროს თანახმად, ინვესტორი, რომელმაც ანაკლიაში ამერიკული “კონტი ჯგუფი” უნდა ჩაანაცვლოს, Meridian Capital-ია. ნეტგაზეთის კითხვაზე, ინვესტორმა მიიღო თუ არა მინისტრისგან უარი, რაზეც კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საუბრობდა, არ პასუხობენ და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის: “პროცედურის თანახმად, მთავრობას 28 დღე აქვს საკითხის შესასწავლად.”

გუშინ, 15 სექტემბერს, “მთავარ არხზე” მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პოტენციურ ორ მსხვილ ინვესტორს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეჩერების მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. მისივე თქმით, მათ შორის ერთ-ერთი მაია ცქიტიშვილია, რომელმაც ინგლისურ ფონდს უთხრა, რომ მათ “ასეთი ინვესტორი არ სჭირდებათ“.

“მეორე კომპანია, რომელიც იყო ჩამოსული და გუშინწინ შეხვდნენ ვიცეპრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, რაც მე გადმომცეს და ამის ოქმიც არსებობს – სადაც ცქიტიშვილმა დააფიქსირა ასეთი სიტყვები, რომ “ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება“. არ ვიცი მეც, რას ნიშნავს ეს.

ინგლისური კომპანიაა, უზარმაზარი ფინანსური კომპანია, რამდენიმე მილიარდი, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის “მერიდიანი“ დიდი ბრიტანეთიდან, რომელიც არის საინვესტიციო ფონდი“, – განაცხადა ხაზარაძემ “მთავარი აქცენტების“ ეთერში.

ამერიკულმა  “კონტი ჯგუფმა” ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აგვისტოში დატოვა. “კონტი ჯგუფი”  ქართულ “თიბისი ჯგუფთან” ერთად ერთ-ერთი დამფუძნებელია ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა, რომელიც მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ “კონტის” შემცვლელს ეძებს კონსორციუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი